პროკურატურა ხაზარაძის ინფორმაციას ისევ განცხადებით პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზაცია "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. საქმე "გახარიას წერილს" ეხება.  

„არაერთხელ აღინიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის  განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი “დოკუმენტი” დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი  დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე  სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმე იკითხება მხოლოდ მოქმედი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ამ ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება განზრახ შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას  არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე. ამის გამო, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები ე.წ. წერილთან დაკავშირებით და გამოკითხოს მოწმეები.

ამასთან, გაუგებარი და სამართლებრივ ჩარჩოებს აცდენილია ბრალდებულ მამუკა  ხაზარაძის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ იგი მხოლოდ განსაკუთრებული წესით წარმართულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას. ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კოდექსებთან. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და არანაირი საგამონაკლისო წესი პიროვნების საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ქონებრივი სტატუსის მიუხედავად არ დაიშვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: ადვოკატებმა 11 სექტემბერს "გახარიას წერილზე" ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი და საჭიროა ის საქართველოში არსებულ მონაცემთა ბაზაში შემოწმდეს, ამისთვის კი გამოძიება უნდა დაიწყოს. ადვოკატებისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ლონდონიდან წერილის დედანს მიიღებენ, დასკვნასთან ერთად გადასცემენ პროკურატურას. 

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"