ნიკა მელია: "სადაც ჩავთვლი საჭიროდ, იქ მივალ"

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას გამაფრთხილებელ ოქმზე მოაწერინეს ხელი. თუმცა, როგორც მელია განმარტავს, მის შესრულებას არ აპირებს. ოქმის მიხედვით, თუ ბრალდებული მელია გამომძიებლის ნებართვის გარეშე კიდევ გადაადგილდება, აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმდება.

როგორც მელიამ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მას არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების პირობები, სატელევიზიო ეთერში იმყოფებოდა, როგორც დეპუტატი და არ აპირებს აღნიშნული გაფრთხილების გათვალისწინებას.

“მივიღე გაფრთხილება, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი ღონისძიება იქნება ჩემს მიმართ გამოყენებული. ეს არის პატიმრობა. მე იქვე დავაფიქსირე საბოლოო პოზიცია, რომ ყველა ტელეეთერში მისვლას ვაპირებ. პროკურატურას სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა აღიაროს, რომ ამის უფლება მაქვს, როგორც დეპუტატს ან დამაკაოს. მე მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, ვესაუბრო ამომრჩეველს, მათ შორის, ვიარო სატელევიზიო ეთერებში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, გამაფრთხილებელ ოქმს შენიშვნაც დაურთო, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სატელევიზიო გადაცემებში.

“პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაშია. არავითარი დარღვევა არ ყოფილა. ნიკა მელიას აქვს კონსტიტუციური უფლებები. ეს ოქმი, რაც გაფორმდა, ფარატინა ქაღალდია. ოქმში ჩავწერეთ შენიშვნაც. თუ პროკურატურა აპირებს, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს მელიას ტელევიზიაში მისვლის მოტივით, საგამოძიებო ორგანო ჯერ უნდა მივიდეს პარლამენტში, დაპატიმრებაზე მიიღოს დეპუტატების ნებართვა, რასაც, ჩემი აზრით, ვერ მოიპოვებს, ხოლო ამის შემდეგ წავიდეს შუამდგომლობით სასამართლოში”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანი თურქეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს