ახალგორელი აქტივისტი ახალგორში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გადასასვლელების ჩაკეტვით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

"ახალგაზრდა ქალბატონი მარინა ქენქაძე ინსულტით მოათავსეს ადგილობრივ საავადმყოფოში. სამშაბათს მოსახლეობას შეხვდა დეპუტატი ზაზა დრიაევი, რომელთანაც მისი საკითხი წამოჭრა საავადმყოფოს ექთანმა და მისი და ასევე სხვა მძიმე პაციენტების თბილისში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. დღეს ქალბატონი მარინა ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში წევს რეანიმაციაში. ის ჯერ გადაიყვანეს იმ დაპირებით, თითქოს ერგნეთიდან წითელი ჯვარი გადაიყვანდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა. საავადმყოფოში რამდენჯერმე მოინახულა(მოიკითხა) დეპუტატმა. დღეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი თინიკაშვილის კომენტარი მოვისმინე მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ. რა გააკეთა დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის? არც არაფერი. კრინტსაც არ ძრავენ აქ მცხოვრებ ადამიანებზე. არ არსებობენ თითქოს. ჩემზე ხმას არ ვიღებ, ელიან როდის მოვკვდები, ქალი, სამოქალაქო აქტივისტი, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლის სიკვდილი, ძალიან კარგი საშუალებაა, გამოლაგდეს მთავრობა და აღვარღვაროს ცრემლები. არავის ვუსურვებ საკუთარ თავზე გამოსცადოს ის მდგომარეობა, რაშიც აქაურებს უწევთ ცხოვრება წლების განმავლობაში. და ის "სიკეთეები" რაზეც წინა კვირას ციხელაშვილ- გახარია საუბრობდნენ, როგორც იდეებზე და გაკეთებულზე- ერთი დიდი სიყალბეა. სხვა არაფერი!",– წერს მერარაყიშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: დღეს  ერგნეთში მოროგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. როგორც სუს–ის წარმომადგენელმა განაცხადა, მხარეებს კვლავ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნით, თუმცა პასუხი, როდის გაიხსნება გადასასვლელები, არ მიუღია.

სუს–ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საკითხის გადაწყვეტაზე თბილისი პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"