“სირცხვილია” საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

მოძრაობა “სირცხვილია” საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა. 

"ალბათ მოძრაობას "სირცხვილიას" გაგრძელების მოძრაობა ერქმევა. ჩვენ ბევრი ფლანგიდან შევუტევთ რეჟიმს და 2020 წელს აუცილებლად დავამარცხებთ არჩევნების გზით", - განაცხადა გიგა მაქარშვილმა. 

მისივე თქმით, იღებენ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოწვევას და საპროტესტო აქციები არათუ შესუსტდება, არამედ რეგიონებშიც გადაინაცვლებს. 20 სექტემბერს კი მასშტაბურ მანიფესტაციას თბილისში პარლამენტის წინ გამართავენ.

"სირცხვილიას" კიდევ ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, "სირცხვილია" სამოქალაქო საზოგადოების კამპანიაა:

"სირცხვილია" არის სამოქალაქო საზოგადოების კამპანია და დარჩება ასე. ჩვენ არ გვინდა პარტიებთან კონკურენცია... 2020 წლამდე ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი პროპორციულ არჩევნებზე "ქართული ოცნების" წინაარღმდეგ... ჩვენ არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ძალაუფლების წინააღმდეგ".

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა. თავად აღნიშნული ვიზიტის ერთ–ერთი მასპინძელი და ორგანიზატორი საქართველოში სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იყო. განვითარებული მოვლენების შემდეგ ის იძულებული გახდა, თანამდებობა პარლამენტში დაეტოვებინა. 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხებოდა, თუმცა საბოლოოდ გახარია დააწინაურეს და ამჟამად ის ქვეყნის პრემიერ–მინისტრია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი