ცქიტიშვილი - ინაშვილის აქციაზე აშშ-ის საელჩოსთან: "ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება"

"ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი "პატრიოტთა ალიანსის"  მიერ ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ აქციაა ეხმიანება და აცხადებს, რომ "ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება"

“მე არ ვიცი მათი შინაარსი, უბრალოდ ქვეყანაში არის კონსტიტუციური ნორმა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუ ის ძალადობას არ ქადაგებს. სახელმწიფოს ამოცანა ამ შემთხვევაში არის, დაიცვას ყველას გამოხატვის უფლება, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ ის, რასაც ისინი გამოხატავენ... მათ ("პატრიოტთა ალიანსს") აქვთ პოლიტიკური აქტიურობა. წინასაარჩევნო წელი იწყება და მათი გადასაწყვეტია, რა ფორმით და როგორ განახორციელებენ კომუნიკაციას ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან", – განაცხადა ცქიტიშვილმა  "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის: დღეს "პატრიოტთა ალიანსი" თბილისში აშშ–ის საელჩოსთან აქციის გამართვას გეგმავს.  აღნიშნული აქცია პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა 10 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ დააანონსა. 10 სექტემბერს ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივიდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევართან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერთან. 

როგორც ინაშვილი აცხადებს, "ისინი პატივს სცემენ საქართველოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები ძალზედ აზიანებენ  გულწრფელ გრძნობებსა და ურთიერთობას": 

"ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა! უნდა დაინახოთ, შეიგრძნოთ ქართველი ხალხის გულისტკივილი და ბრაზი, რაც გამოწვეულია სრულიად ნათელი და სამწუხარო გარემოებით:

2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება.

უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები (რომლებიც გვესმის, რომ ამერიკაშიც ბოკერია-სააკაშვილები არიან), ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას. ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები.

15 სექტემბერის აქცია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი აქციაა. ქართველ ხალხს ნამდვილად არ ეშლება, ცივილურად და კულტურულად როგორ გამოხატოს მისი სათქმელი".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავეს