რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს

16 სექტემბერს რამდენიმე სკოლის გამოკლებით, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან, საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და ორჯერ გაზრდილია მყარი დისკის მოცულობა, რაც საშუალებას იძლევა, ჩაიტვირთოს თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები.

ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.

საერთო ჯამში, შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, სულ საერთო ღირებულებით 20 078 540.73 ლარი. ამასთან, სამინისტროს მხრიდან შესყიდულია და დარიგებულია 55 000 „ბუქი“.

არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ითარგმნება ახალი სახელმძღვანელოები აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მოსწავლეებს დაურიგდებათ 112-ის სანიშნეები საკონტაქტო ინფორმაციითა და მცირე ინსტრუქციით.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში პირველკლასელებისთვის წერა-კითხვის შესწავლა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენითაც“ იქნება შესაძლებელი.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენით“ ბოლო წლების განმავლობაში სკოლებში აღარ ისწავლებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კომისია შეიქმნა. კომისია 15 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ ენათმეცნიერები, განათლების მკვლევრები, ფსიქოლოგები, ასევე „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ თავმჯდომარე. კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელომ განახლებული სახე მიიღო. სამინისტროს ბრძანებით, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაიბეჭდა და უკვე სკოლებშია.

მე-7 კლასელები დღეიდან ახალ საგანს, „მოქალაქეს“ შეისწავლიან. ახალი საგანი „მოქალაქე“ სამოქალაქო განათლების მიმართულებას მოიცავს და ის დღემდე მხოლოდ მე-3, მე-4, მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლებოდა.

სამოქალქო განათლება შედარებით ახალი საგანია საქართველოს სკოლებში. მაღალ კლასებში ის 2006 წლიდან ისწავლება, თუმცა დაწყებით საფეხურზე მხოლოდ 2018-2019 სასწავლო წელს შევიდა. საგნის სახელწოდებაა „მე და საზოგადოება“. წელს კი სამოქალაქო განათლების მიმართულებას მე-7 კლასელებიც ისწავლიან.

„მოქალაქეს“ ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან სახელმწიფოსა და ოჯახის მიმართ საკუთარ უფლება-მოვალეობებს, გასავლელ თემებს შორის იქნება ადრეული ქორწინების რისკები, სახელმწიფოს მოწყობის წესი, საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან და ა.შ.

ამასთან, დაგეგმილია, რომ საგანი „მოქალაქე“ 2020-2021 სასწავლო წელს ახალ საგნად მე-8 კლასშიც უნდა შევიდეს.

მე-7 კლასელებისთვის სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ მთლიანად შეიცვალა და განახლდა ამ კლასის ყველა საგნის სახელმძღვანელო

2019-2020 სასწავლო წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 27 ახალი სკოლა აშენდა, 141 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 884-მდე სკოლამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით 232 სკოლა სრულად დაიფარა „ვაი ფაი“ (wi-fi) სისტემებით და ამ ეტაპზე სრული დაფარვა 2085 საჯარო სკოლიდან 482 სკოლაშია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამის შედეგად, საქართველოს მასშტაბით სკოლების 75 პროცენტი არის ნაწილობრივ ან სრულად რეაბილიტირებული. გაიზარდა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების რაოდენობაც.

დღეიდან ახალი მოდელით სწავლება კიდევ 100 სკოლაში დაიწყო, რისთვისაც ზაფხულის განმავლობაში შეირჩნენ და დატრენინგდნენ მხარდამჭერი ჯგუფები, ხოლო სასწავლო წლის გაზაფხულიდან დაემატება კიდევ 200 სკოლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის „ახალი სკოლის მოდელში“ ქვეყნის მასშტაბით 150 სკოლაა ჩართული. პროექტის ფარგლებში 165-ვე სკოლა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით – პორტაბელური კომპიუტერებით, პროექტორებითა და ლეპტოპის დამტენი კარადებით.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების რეფორმის მორიგი ეტაპის პროექტია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად საპილოტე რეჟიმი ერთ სკოლაში, თბილისის 150-ე სკოლაში განხორციელდა, შემდეგ კი პროექტში კიდევ 50 სკოლა ჩაერთო. ხუთ წელიწადში მან საქართველოს ყველა რეგიონში 2085-ვე საჯარო სკოლა უნდა დაფაროს.

პროექტი, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანასთან ერთად, განსხვავებული მეთოდიკით სწავლებასაც გულისხმობს.

გარდა ამისა, 2019-2020 სასწავლო წელს სამინისტროსგან 30 სკოლა მიიღებს დამატებით დაფინანსებას არაფორმალური განათლების პროექტების განსახორციელებლად.

ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისთვის მანდატურებისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრების რაოდენობა გაიზარდა.

დღეიდან მანდატურები დამატებით 41 სკოლაში შევიდნენ. ამასთან, 23 სექტემბერს ასევე 14 სკოლას დაემატება მანდატურები. საერთო ჯამში 109 მანდატური. ისინი შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და რაჭის სკოლებში გადანაწილდნენ.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით, მანდატურის სამსახურის მომსახურებით სულ 527 საჯარო სკოლა სარგებლობს. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ეტაპობრივად კიდევ 47 სკოლაში შევლენ, რაც ჯამში საჯარო სკოლებში მოსწავლეთა 80-პროცენტიან დაფარვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლიდან ყველა სკოლაში დაინიშნა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება. ხელფასის მატება შეეხება სტატუსის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) მქონე ყველა მასწავლებელს. შესაბამისად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს.

უფრო კონკრეტულად, პირველი ოქტომბრიდან: უფროსი მასწავლებლების ხელფასი იქნება 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლების – 1435 ლარი, მენტორი მასწავლებლების – 1745 ლარი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პედაგოგებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე განსაზღვრული სქემით მოემატებათ ხელფასები და 2022 წლისთვის მათი ანაზღაურება პიკს მიაღწევს. შესაბამისად, უფროს მასწავლებელს – 1700 ლარი ექნება, წამყვან მასწავლებელს – 2135 ლარი, ხოლო მენტორ მასწავლებელს – 2445 ლარი.

პედაგოგების გარდა, პირველი ოქტომბრიდან ხელფასები ეზრდება სკოლის სხვა პერსონალსაც. სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის ანაზღაურება 1-ლი ოქტომბრიდან იზრდება საშუალოდ 20 პროცენტით.

ამასთან, სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს მიეცათ დანამატი 125 ლარის ოდენობით, მანდატურთა ანაზღაურება 250 ლარით გაიზარდა.

გარდა ამისა, საშუალოდ 20 პროცენტით გაიზარდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა ხელფასები. შედეგად, რესურსცენტრის უფროსის ხელფასი გაიზარდა – 250 ლარით, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების – 200 ლარით, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისა და პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების – 150 ლარით.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ ჩააბარებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდას და ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად. ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, ანუ ჩაბარებული ექნება შესაბამისი გამოცდა და შესაბამისად მოპოვებული ექნება სტატუსი („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა