ხაზარაძე ჰყვება, რომ გახარიასთან ანაკლიის პორტის გამო "წაკამათება" მოუვიდა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 2017 წელს იმჟამინდელ ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან ანაკლიის პორტის გამო კონფლიქტი ჰქონდა.

"ეკონომიკის მინისტრი იყო, 2017 წელია. მან განაცხადა, რომ იგი შეხვდა ევრობანკის პრეზიდენტს, ბატონ სუმას [ჩაკრაბარტი] და მან თქვა, რომ ევრობანკი არასდროს დააფინანსებს ამ პროექტს. მე ამაზე აღვშფოთდი, მოგვივიდა წაკამათება", – განაცხადა ხაზარაძემ "მთავარ აქცენტებში" სტუმრობისას.  

მისივე თქმით, გახარია ამბობდა, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნებოდა და ბანკები არ დააფინანსებდნენ:

"მე ვუთხარი, შენ როგორც ეკონომიკის მინისტრმა, რა პასუხი უთხარი და როგორ დაიცავი პოზიცია-მეთქი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ თათბირის დამთავრების მერე, მეორე დღეს, გახარია გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მან თქვა, რომ ამ პროექტს არ გააჩნია ის ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისად, ბანკები ამას არ დააფინანსებენ".

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა,  საქართველოს მთავრობამ ამერიკული ფონდის ინვესტიცია ანაკლიის პორტში ორჯერ შეაჩერა.

ხაზარაძის თქმით, არ იცის, კონკრეტულად რომელ ჩინოვნიკს ჰქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან:

"ერთ-ერთი ამერიკული ფონდი ორჯერ იქნა გაჩერებული ერთ-ერთი ჩვენი ჩინოვნიკის მიერ, უბრალოდ, არ ვიცი, თორემ ვიტყოდი, არ გაგვიმხილეს ამერიკელებმა".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია