გია ვოლსკიმ აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელ აქციას მავნებლური უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი  აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციას "მავნებლურად" აფასებს. 

„მე ვფიქრობ, რომ ეს აქციაც გამიზნულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული. თავისი შინაარსით არის მავნებლური, ვინაიდან არ შეიძლება, ვინმე კრამერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ. ​ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის, თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. მე ვფიქრობ, საზოგადოებამაც ეს კარგად გაიგო. თუმცა, აშკარად იყო მცდელობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის: „პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან გუშინ აქცია გამართა. აღნიშნული აქციის ჩატარება ირმა ინაშვილმა 10 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ დააანონსა. 10 სექტემბერს ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივიდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევართან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერთან.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი