საუდის არაბეთის ქარხნებზე თავდასხმის გამო ნავთობი გაძვირდა

საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ბოლო ნახევარ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას „ბრენტის“ მარკის ნავთობი ერთბაშად გაძვირდა 13%-ზე მეტით და ბარელი ნავთობის ფასმა 71 დოლარს გადააჭარბა.

მოგვიანებით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 66.82 დოლარი შეადგინა. WTI-ს მარკის ნავთობი 10%-ით გაძვირდა და ბარელის ფასმა 60.19 დოლარს მიაღწია.

საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით 15 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის გამო, მსოფლიო ბაზარს დააკლდა ნედლი ნავთობის დაახლოებით 5%.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო იემენში მოქმედმა, ჰუთიტი მეამბოხეების გასამხედროებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც მხარს ირანი უჭერს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა. თეირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

აშშ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მარაგებს გამოიყენებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი