"აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის, "შემდეგი მე ვარო"

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, შესაძლოა, საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ამიტომ ახლა ქმედებებია საჭირო. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინაში მასთან სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.

"ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ", - უთხრა ახალგაზრდებს სააკაშვილმა. 

ის საქართველოში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და ამბობს, რომ  „შემდეგი თვეები გადამწყვეტია". 

"ესენი ["ქართული ოცნება"]უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება, არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდით. მივმართავ ყველას, რეალურად აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა, ყველას გვესმოდეს, სად ვართ. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს“, - განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს და ახლა მხოლოდ დიქტატურის დამყარებაზე ფიქრობს. ის ასევე შეეხო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით დასავლეთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

„პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია გადაირჩინოს თავი, ფიზიკურად, გადაირჩინოს თავი ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან მიმდინარე აქციასაც შეეხო და განაცხადა. რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ სიტყვა პატრიოტი „გააბანძა“.

"მეხუთე კოლონამ ღიად ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. ეს მხოლოდ პრელუდიაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, ბოლომდე შევასრულოთ ახლა, ან ჩვენ ან ისინი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი