ხოშტარია – ოქრუაშვილზე: "საბრძოლველადაა განწყობილი"

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია "გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს საპატიმროში შეხვდა. 

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუაშვილი საბრძოლველადაა განწყობილი.  

"მინდა, მისი თხოვნით ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად",– განაცხადა ხოშტარიამ.

ამასან, როგორც ხოშტარია ამბობს, ხელისუფლებას "გავრილოვის ღამის პატიმრების ციხეში ყოფნის ყოველი დღე ძვირად დაუჯდება". 

"ეს არის ის პოსტსაბჭოთა მეთოდები, რომელიც არ მთავრდება ხელისუფლების სასარგებლოდ. უსამართლობა ყოველთვის საბოლოო ჯამში ურტყავს უკან ისევ ხელისუფლებას.

აბსოლუტურად ცხადია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ციხეშია, 17 ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მძევლები არიან, რომელმაც არათუ არ დასაჯა, ვინც ჩაიდინა უკანონობა და ძალადობა, დააწინაურა ისინი და უბრალოდ ადამიანი აიყვანა მძევლებად“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა 31 ივლისს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა