გოგიჩაიშვილი – ანაკლიის ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე: "ყველა შოკში იყო"

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და ანაკლიის პორტის ინვესტორებს შორის შემდგარი "პესიმისტური საუბრის" შესახებ ინფორმაციას მანამდე ფლობდა, ვიდრე ამაზე "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ისაუბრებდა.

როგორც დეპუტატი ამბობს, "შოკისმომგვრელი ინფორმაცია" სამთავრობო კულუარებიდან გახდა ცნობილი, თუმცა გოგიჩაიშვილი პირველწყაროს არ ასახელებს.    

"სამთავრობო კულუარებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ძალიან პესიმისტური საუბარი ჰქონდა მაია ცქიტიშვილს პოტენციურ ინვესტორებთან: ფაქტობრივად, ცდილობდა, ამ ადამიანებს ხელი აეღოთ საქართველოში ინვესტიციებზე. ეს ამბავი ჩვენ ვიცოდით იმ პერიოდიდან – სანამ მამუკა ხაზარაძე იტყოდა. აბსოლუტურად ყველა შოკში იყო. ასეთი საუბარი ინვესტორთან, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ვინმე, კონკურენტია შენი, თუ არა... ეს ხომ საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი?! ასეთი ტონით ინვესტორთან საუბარი ნიშნავდა, რომ უნდოდა, ჩაეშალა ნებისმიერი მოლაპარაკება",– განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ცნობისთვის: საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "სახელმწიფომ ანაკლიის ინვესტორს უთხრა, ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდაო".

"ჩვენ ორი ინვესტორი გვყავს მზად. ერთი უკვე აქ იმყოფება, სამი დღეა, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა - "ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა", – განაცხადა ხაზარაძემ  "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" სტუმრობისას. 

მოგვიანებით, ხაზარაძემ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საუბრისას დააკონკრეტა, რომ საუბარი ეხებოდა ბრიტანულ კომპანია "მერიდიანს": 

"ეს არის რეპუტაციული, საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მუშაობს 10-ზე მეტ ქვეყანაში. პორტფელში აქვთ დაწყებული ნიუ-იორკში უზარმაზარი მშენებლობით, დამთავრებული უამრავი აეროპორტით". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი