EUMM: “ჩორჩანა-წნელისის რაიონში შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია სტაბილურობისთვის რისკს წარმოადგენს”

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ადგილზე მხარეთა შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია სტაბილურობისთვის რისკს წარმოადგენს. 

დღეს გავრცელებულ განცხადებაში მისია ჩორჩანა-წნელისის რაიონში ძალოვანი უწყებების "არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას"  უსვამს ხაზს. 

"რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისია ადასტურებს, რომ თბილისმა საპოლიციო საგუშაგო მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა:

„20-24 აგვისტოს შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოეწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით“.

რაც შეეხება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს, როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, „სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასულ კვირას მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს, აღნიშნული რაიონის ტრადიციული აღქმით". 

ამასთან, ზემოთხსენებული ნიშნები, მისიის მონაცემებით, მდებარეობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით. 

ამავდროულად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარიდან მისია აღნიშნავს ფერადი მონიშნვებს ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე. 

"მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ" - აცხადებს მისია.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ადგილზე მუდმივად პატრულირებენ, ამასთან, ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს არსებული საკითხების განსახილველად. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა