EUMM: როგორც ქართული, ისე საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი „ახალი პოზიციები“ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში ქართული საპოლიციო საგუშაგო და აღნიშნულის საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი "რამდენიმე  ახალი პოზიცია“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. 

კერძოდ, დღეს გავრცელებულ განცხადებაში მისია აღნიშნავს, რომ "20-24 აგვისტოს შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ სოფელ წნელისის განაპირასმოწყობილი  ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით“.

რაც შეეხება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს, როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, „სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასულ კვირას მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს, აღნიშნული რაიონის ტრადიციული აღქმით".  

ზემოთხსენებული ნიშნები, მისიის მონაცემებით, მდებარეობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით.  

ამავდროულად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე.

გავრცელებულ განცხადებაში მისია ჩორჩანა-წნელისის რაიონში ძალოვანი უწყებების "არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობასთან" დაკავშირებულ რისკებს  უსვამს ხაზს. 

"რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს