ისევ სკანდალური შეწყალება – მმართველი გუნდის წევრების პოზიცია

საქართველოს პრეზაიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით უკვე მეორედ ეხვევა სკანდალში და მას განმარტებისთვის თავი როგორც წინა ჯერზე, არც ამჯერად შეუწუხებია, არც მმართველი გუნდის წევრების კომენტარებს შეუძენია სიმწვავე.  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შეწყალების თემა დარეგულირდეს, რადგან არ შეიძლება, ამ ასპარეზზე ადამიანმა, პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ პრინციები არ ჩამოყალიბდება, შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული.

„ზოგადად, შეწყალება კარგი ფაქტია, მაგრამ წარმომიდგენია ისეთი ადამიანის შეწყალება, რომელიც მუხლებზე არის დაცემული, შეწყალებას ითხოვს, მონანიებული აქვს ყველაფერი და ამის გარდა, დაზარალებული მხარეც წინააღმდეგი არ არის, რომ შეწყალება მოხდეს. მხედველობაში მაქვს მძიმე დანაშაულებები, მძიმე, რომელიც ლეტალურ შედეგთან არ არის დაკავშირებული. ამ თემაზე შეკითხვა მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ სფეროს დარეგულირება მალე უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გადაწყვეტილება მიუღებელია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილისთვის

დეპუტატის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საჭიროა უკეთესი კოორდინაცია, რათა არ დადგეს ის შედეგი, როდესაც განხრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეიწყალონ.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომ კოორდინაცია იყოს უკეთესი და არ მივიღოთ შედეგი, როდესაც განხრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეწყალებული იყოს. ამ მიმართულებით არის სამუშაო. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. მათ აქვთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ძალიან მალე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა მსგავსი შედეგები არ დადგეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მიუღებელია თბილისის მერ კახა კალაძისთვის

"ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს… მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით".

გადაწყვეტილება ასევე მიუღებელია დიმიტრი ხუნდაძისთვის

"მიუღებელია ეს გადაწყვეტილება ჩემი ბევრი კოლეგისთვის. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. არის უკმაყოფილება. გასაგებია, რომ პრეზიდენტს აქვს ექსკუზიური უფლება, მაგრამ ეს არ უნდა აზიანებდეს იდეას, რომ ძალადობა მიუღებელია". 

ზოგადად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე შეწყალების აქტის გამოყენება მიუღებელია მამუკა მდინარაძისთვის და ფიქრობს, რომ ამას "მარტივი ახსნა ვერ ექნება". 

მდინარაძე ამბობს, რომ მართალია, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, მაგრამ გადაწყვეტილება „ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს“.

​ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს საკითხი და დაიწყონ „სპეციფიურ ნორმებზე“ საუბარი: 

"შეიძლება, დავსვათ დღის წესრიგში საკითხი, რომ გარკვეულ სპეციფიურ ნორმებზე შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ როგორ და რა გზით, რა სამართლებრივი ხერხებით, ამაზე წინასწარ საუბარი არ შეიძლება. თუმცა ფაქტია, მოცემულობაა, რომ გადაწყვეტილებების კატეგორიულად მიუღებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია იფიქრო რაღაც რეგულირებებზე“. 

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ შეწყალების პრაქტიკა უნდა დაიხვეწოს:

"სტატისტიკური კუთხით, გარკვეულწილად დაუახლოვდა მოქმედი პრეზიდენტის სტატისტიკა ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს. ჩვენ მუდმივად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო წინა პრეზიდენტის სტატისტიკა შეწყალების კუთხით დასავლურ, ევროპულ სტანდარტებს. აქ გვაქვს გარკვეული დაახლოება, თუმცა ზოგადად, დამატებით საჭიროა, დაიხვეწოს შეწყალების პრაქტიკა. გაგვიჭირდება რაიმე მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა რეგულაციებზეც შეიძლება ფიქრი. მთავარია, პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს.

თუ არ ვცდები, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა შეწყალებასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ჩარჩოებში მოქცევაა საჭირო. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია, რომ სწორი ჩარჩო განისაზღვროს ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოიხსნება ყველანაირი კითხვები და სპეკულაციების საფუძველი შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით. საჭიროა მუშაობა, რათა სწორად ჩამოყალიბდეს შეწყალების სტანდარტი პრინციპების შესაბამისად, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპაში“.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 

ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე თბილისში, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცავალა.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. პრეზიდენტი არ განმარტავს, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია