პუტინი საუდის არაბეთს რუსულ იარაღს სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

„ჩვენ მზად ვართ საუდის არაბეთს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჭკვიანური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც ეს ირანელებმა გააკეთეს, როცა მათ S-300 შეიძინეს და ასევე პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც რუსეთისგან S-400 შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო,“ – განაცხადა, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა.

ამავე წყაროს ცნობით, პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებულ თავდასხმაზე არ უსაუბრიათ.

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების საშუალებით თავდასხმა განახორციელეს. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა. თავდასხმის შედეგად ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა. მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრალდებებს უარყოფს ირანი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია