"ის, რაც დღეს ჩემს გარშემო ხდება, ღმერთის შექმნილი ადამიანისთვის მეტისმეტია"

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდა ერთ–ერთი დაკავებულის მორის მაჩალიკაშვილის ბიძა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მაჩალიკაშვილი მისი ძმიშვილის დაკავებას მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.  

 “მორის მაჩალიკაშვილზე არა მარტო მე, არამედ მთელი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის ამ ხელისუფლების ტყვეა. ჩვენი ხეობიდან ჩამოსულია იმამი მის მხარდასაჭერად და მთელი ხეობა მის გათავისუფლებას ითხოვს. ის, რაც დღეს ჩემს გარშემო ხდება, ღმერთის შექმნილი ადამიანისთვის მეტისმეტია. მე კი ვუძლებ ამას, მაგრამ მეტისმეტია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გუნდში არიან, ღმერთის შექმნილები არ არიან. ესენი საიდანღაც აღმოჩენილები არიან. დღეს მე როგორც მექცევიან, ასე ადამიანს მსოფლიოში არსად მოექცევიან. ჯერ მოკლეს უდანაშაულო 18 წლის ბავშვი თავის ოჯახში, შემდგომ ამ ყველაფრის ჩასაფარცხად უნდათ, რომ ჩემი ძმისშვილი გამოკეტონ ციხეში. ეს მართლა მეტისმეტია, მაგრამ ვერ გამოვყავარ მდგომარეობიდან და ვერც გამომიყვანენ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, მორის მაჩალიკაშვილის მსგავსად, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ყველა პირი, ხელისუფლების ტყვეა.

„იგივეს ვიტყოდი 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ დანარჩენ პირებზე, რომ ისინი ხელისუფლების ტყვეები არიან. მე იმედი მაქვს, რომ დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. ჩემი ძმისშვილი ჩემს გამოა დაკავებული. მას დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მე კარავს ხელმეორედ გავშლიდი, დაიჭერდნენ. მეორე დღეს კარავი გავშალე და დაიჭირეს კიდეც“, -აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს