შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მეხუთე ადგილზეა, ახალჩასულთა რაოდენობით - მესამეზე, ამის მიზეზი ეკონომიკურია. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა თავშესაფრის დაუსაბუთებლად მაძიებელთა რიცხვი. ეს ჩვენთვის არის პრობლემა. ეს განცხადებები შვეიცარიის მხრიდან არ დაკმაყოფილდება. შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს“, – განაცხადა გატიკერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები შვეიცარიაში ყველაზე მეტად ტურისტული და სამედიცინო მიზნებით ჩადიან და შემდეგ ითხოვენ ქვეყანაში დარჩენას, თუმცა "საქართველოსაც კარგი საავადმყოფოები აქვს".

„აქცენტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ  შეჩერების მექანიზმის ამოქმედება,  მარიო გატიკერმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენმა ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ეღიარებინა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას და ჩვენ ამას მხარს ვუჭერდით თავიდანვე. სწორედ ამიტომ არის მიღებული ზომები, რომ ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ამ თხოვნით ჩვენ მოგვმართავს, აუცილებლად მიიღებს უარს და დავაბრუნებთ სამშობლოში. ეს ზომები საქართველოსთან თანამშრომლობით ხორციელდება და ეხმარება იმას, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია არ შეწყდეს“.

მისივე თქმით, შვეიცარიაში კრიმინალის კუთხით საქართველოს მოქალაქეები რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნიან.

„ფიქსირდება რიგი შემთხვევები, თუმცა ეს არ წარმოადგენს მთავარ პრობლემას ამ ეტაპზე“, – დასძინა გატიკერმა.

ცნობისთვის: 16 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. 

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საპასუხოდ, შვეიცარიამ და საქართველომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღეს ზომები, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა. კერძოდ, შვეიცარიამ გააძლიერა გარე საზღვრები და შემოიღო შესვლის აკრძალვა თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების შემთხვევაში. თავის მხრივ, საქართველო ეცადა გაეძლიერებინა საზღვრების კონტროლი და ჩაატარა რამდენიმე საინფორმაციო კამპანია შენგენის ზონაში მოგზაურთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. საქართველომ, ასევე, გაამკაცრა სისხლის სამართლის კოდექსი არალეგალური მიგრაციის საპასუხოდ. 

  • 2019 წლის 16 სექტემბერს შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნომ, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყეს თანამშრომლობა საქართველოდან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობა ამარტივებს საქართველოში სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობების სწრაფ მოძიებას და, შესაბამისად, პირის ქვეყანაში დაბრუნების შეფასებას.  
  • კიდევ ერთი ზომა შვეიცარიისა და საქართველოს მიერ საზღვრების კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება. ივნისში, Frontex-ის (საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო) ფარგლებში, შვეიცარიამ ქუთაისის აეროპორტში შვეიცარიელი მესაზღვრე ერთი თვით განათავსა, რომელიც ადგილობრივ მესაზღვრეებს ტექნიკურ დახმარებას უწევდა. 
  • 28 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა. 2019 წლის 1 ოქტომბერს საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნება გონივრულია.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია