საქართველოს საგარეო უწყება საუდის არაბეთის ქარხნებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის ნავთობის ეროვნული კომპანია Saudi Aramco-ს კუთვნილ უმსხვილეს ნავთობტერმინალსა და ნავთობის გადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია ნათქვამი. 

„საქართველოს საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ მიუღებელია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც დაპირისპირების ესკალაციას უწყობს ხელს და უარყოფითად აისახება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს. თავად ირანი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. 

საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ბოლო ნახევარ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას „ბრენტის“ მარკის ნავთობი ერთბაშად გაძვირდა 13%-ზე მეტით და ბარელი ნავთობის ფასმა 71 დოლარს გადააჭარბა.

მოგვიანებით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 66.82 დოლარი შეადგინა. WTI-ს მარკის ნავთობი 10%-ით გაძვირდა და ბარელის ფასმა 60.19 დოლარს მიაღწია.

საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით 15 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის გამო, მსოფლიო ბაზარს დააკლდა ნედლი ნავთობის დაახლოებით 5%.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში პუტინის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს საგანგებო ვითარება შეიქმნა