ცხინვალი საერთაშორისო დამკვირვებლებს „რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დარღვევაში“ ადანაშაულებს

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო დამკვირვებლებს „მათი უფლებამოსილებების გადაჭარბებასა“  და „რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დარღვევაში“ ადანაშაულებს. 

როგორ დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, „რიგი დამკვირვებლები თავს უფლებას აძლევენ, დაარღვიონ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“. 

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რიგი თანამშრომლების მხრიდან მსგავსი ქცევის საკითხი ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდის დროსაც დავაყენეთ, აღვნიშნეთ, რომ ისინი უკანონოდ გადადიან სოფელ წნელისის მარჯვენაგანაპირა მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობის მანდატი არ გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე ნებისმიერი შესვლა მათი მხრიდან უკანონოა. მათი მანდატი ითვალისწინებს მუშაობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა არა საკუთრივ ამ ქვეყნებში“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

მისივე ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან დღევანდელი შეხვედრის ძირითადი ნაწილი წნელისთან არსებულ ვითარებას მიეძღვნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნის მიუხედავად, ოსური მხარე კვალვინდებურად ჯიუტად ირწმუნება, რომ თბილისმა ახალი საგუშაგო არა საქართველოს ცენტრალური, არამედ ცხინვალის მიერ დე ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა.

„თანათავმჯდომარეებს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბების შესახებ დეკრეტის ასლები გადავეცით. ეს არის პირველი და ერთადერთი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც იმჟამინდელი ავტონომიური ოლქის საზღვრებს აღწერს და 1992 წლიდან ისინი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებად იქცა. თანათავმჯდომარეებს რამდენიმე რუქაც გადავეცით იმაში დასარწმუნებლად, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრების ჩვენისეული აღწერა ხსენებულ დეკრეტში განსაზღვრულ კონტურებს ემთხვევა და კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, ზეწოლა მოახდინონ ქართულ მხარეზე, რათა ამ უკანასკნელმა უკანონოდ განთავსებული საგუშაგო გააუქმოს, ვითარების ესკალაციას თავი დაანებოს და საზღვრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი დიალოგის გზით აგვაროს“, – დასძინა ჯიოევმა.

ცნობისთვის: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში ქართული საპოლიციო საგუშაგო და აღნიშნულის საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი "რამდენიმე  ახალი პოზიცია“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. 

კერძოდ, დღეს გავრცელებულ განცხადებაში მისია აღნიშნავს, რომ "20-24 აგვისტოს შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ სოფელ წნელისის განაპირასმოწყობილი  ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით“.

რაც შეეხება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს, როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, „სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასულ კვირას მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს, აღნიშნული რაიონის ტრადიციული აღქმით".  

ზემოთხსენებული ნიშნები, მისიის მონაცემებით, მდებარეობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით.  

ამავდროულად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ახალგორში დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვების გაცემა განახლდა