"ვფიქრობ, ყურადღების გაზრდის გზების ძიებაში, ჟენევის შეხვედრების დონის აწევა იქნებოდა პირველი ნაბიჯი"

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საუბრობს, რამდენად შესაძლებელია გაერთიანდეს დასავლეთის ძალისხმევა უკრაინისა და საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დასაცავად და მიიჩნევს, რომ "ყურადღების გაზრდის გზების ძიებაში, ჟენევის შეხვედრების დონის აწევა იქნებოდა პირველი ნაბიჯი".

– რამდენიმე  დღის წინ იყავით ოკუპაციის ხაზთან. ყველამ იცის, რომ რუსეთი დღემდე არად დაგიდევთ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულებას. ვიცით, მსგავსი ვითარებაა უკრაინასთან დაკავშირებით. კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს სტატუს კვოს შესაცვლელად - ვაიძულოთ რუსეთი დაიცვას ეს შეთანხმებები. გარდა ამისა, თქვენ აღნიშნეთ, რომ უნდა იყოს მეტი საერთაშორისო ყურადღება ამ საკითხებისადმი, მეტი რა შეიძლება გაკეთდეს ამისთვის?

–გმადლობთ შეკითხვისთვის და პირველი, როგორც თქვენ თქვით, უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ყურადღების მეტად მიპყრობა ადგილზე არსებული ვითარების მიმართ: ეს არის ადამიანების დანგრეული ცხოვრება, ოჯახის წევრები დაცილებული არიან ერთმანეთისგან, შერეული ოჯახების წევრები ვერ ნახულობენ ნათესავებს, ვერ მიდიან საფლავებზე, განადგურებულია სოფლები - სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემები, სატვირთო ტრანსპორტი, ვაჭრობა. ამან რეალურად წარმოქმნა უდიდესი გაჭირვება მოსახლეობაში როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ოკუპირებული, მაგრამ ახლოსაა ოკუპაციის ხაზთან. ასე რომ, ეს არის ტრაგედია ამ ადამიანებისთვის. მეორე - როგორც აღნიშნეთ, არსებობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის მიღწევაშიც შუამავლის როლი შეასრულა ევროკავშირმა, პრეზიდენტმა სარკოზიმ, რომელიც იმ დროს ევროკავშირის თავმჯდომარე იყო. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან არის შეიარაღებული ძალების გაყვანა დაპირისპირებამდელ პოზიციებზე, რაც რუსეთს არ გაუკეთებია. შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე თქვენს ტერიტორიაზე იყვნენ რუსეთის ძალები, მაგრამ როგორც გაეროს მშვიდობისმყოფელები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლა არ იმყოფებიან მშვიდობისმყოფელები, არამედ ის დაკავებული აქვთ რუსეთის ძალებს - „ეფესბე“-ს და ა.შ. ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი და აშკარა დარღვევა. მეორე არის ის, რომ რუსეთი განაგრძობს საზღვრის შეცვლას და ამას აკეთებს ამ „ბორდერიზაციის“ პროცესში, როცა აშენებს მყარ საზღვარს, აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა მონაკვეთს და იტაცებს დამატებით ტერიტორიას, რაც უნდა იყოს დიდი შეშფოთების საფუძველი. ჟენევის შეხვედრები, რომლებიც ტარდება, არ აღმოჩნდა ეფექტიანი იმ თვალსაზრისით, რომ ყველა, საერთაშორისო თანამეგობრობიდან და რუსეთიდან იყოს ფოკუსირებული ამ პრობლემის გადაჭრაზე და იმაზე, რომ შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მე ვთვლი, რომ უნდა იყოს მცდელობა გაიზარდოს ყურადღების ხარისხი ამ საკითხის მიმართ, რომ შევეცადოთ საზღვრის სტაბილიზაციას.

– როგორღაც უნდა შეიცვალოს, ტრანსფორმირდეს ჟენევის ფორმატი?

– მე, სულ მცირე, ვისურვებდი მისი დონის გაზრდას. ვთვლი, რომ ეს შეხვედრები ტარდება ძალიან დაბალი დონის მონაწილეობით და არ ეხება სერიოზულ საკითხებს. შედეგად, არ მგონია, რუსეთს რაიმე გზით პასუხი მოეთხოვებოდეს. ასე რომ, ვფიქრობ, ყურადღების გაზრდის გზების ძიებაში, ჟენევის შეხვედრების დონის აწევა იქნებოდა პირველი ნაბიჯი. და, კარგი კითხვაა - საჭიროა თუ არა განსხვავებული ფორმატი? თქვენ საქართველოს ვითარება უკრაინისას შეადარეთ. საფრანგეთმა და გერმანიამ შექმნეს “ნორმანდიის ფორმატი” უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხის მოგვარებაზე ზეგავლენის მოსახდენად. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი ფორმატი არ არსებობს და შესაძლოა, ლოგიკური იყოს, რომ ევროკავშირმა, რომელმაც იშუამავლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, გაუწიოს ორგანიზება რაიმეს.

– შეგვიძლია ვისაუბროთ მსგავსებებსა და განსხვავებებზე იმ გამოწვევებს შორის, რომელთა წინაშეც დგანან უკრაინა და საქართველო რუსეთის აგრესიასთან გამკლავების საკითხში?

– არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსება - ორივე შემთხვევაში რუსეთი უარყოფს, რომ ის აწარმოებს ოპერაციებს, რომ ის აკონტროლებს ოკუპაციას, ადგილობრივ ხელისუფლებებს - ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს უკრაინაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს საქართველოში. თუმცა, ფაქტობრივად რუსეთი პირდაპირ აკონტროლებს ამ ყველაფერს. საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატებში რუსეთს სურს, საქართველო იქნება თუ უკრაინა, ელაპარაკონ მარიონეტულ ერთეულებს, რომლებსაც თავად აკონტროლებს და არა პირდაპირ რუსეთს. სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობის როლი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ამას აკეთებს უშუალოდ რუსეთი და ვიცით, რომ უნდა იყოს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამას და ვეძიოთ გზები როგორ ჩავერთოთ ამაში, ხელი შევუწყოთ ამას, რომ მივაღწიოთ რეალურ მოგვარებას. ეს უნდა გავაკეთოთ.

– შეგვიძლია ვილაპარაკოთ უკრაინისა და საქართველოს საკითხებზე დასავლეთის ძალისხმევის გაერთიანებაზე? ვგულისხმობ სანქციებს. უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა დააწესა სანქციები. მსგავსი ზომა არ ყოფილა გამოყენებული 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ომის შემდეგ. შეიძლება ამის შეცვლა, გამოსწორება?

– თეორიულად თუ დავსვამთ კითხვას, რა თქმა უნდა, შეიძლება შეცვლა. ყველაფრის შეცვლა შეიძლება. პრაქტიკულად თუ შევხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული გვაქვს უამრავი სანქცია ყირიმის ანექსიის, დონბასის გამო, სკრიპალებზე თავდასხმის გამო და ა.შ.. უკვე საკმაოდ ძლიერი რეჟიმია დაწესებული, რითაც გვსურს მივაღწიოთ რუსეთის ქცევის შეცვლას. საქართველოში რაც მოხდა, დიდი ხნის წინ იყო და იმ დროს არ იყო მიღებული ასეთივე გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, რთულია წარსულში მომხდარის გამო ახალი სანქციების დაწესებისთვის იმპულსის მიცემა ახლა. შეკითხვა სამართლიანია. ვფიქრობ, სანქციებამდე საჭიროა დაიწყოთ იმით, რომ თავად ამ საკითხებისადმი მოიზიდოთ მეტი საერთაშორისო ყურადღება.

– გაზომვადია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი?

– ადვილად არ იზომება. ვფიქრობ სამართლიანი გამოწვევაა და სამართლიანი კითხვაა. თუმცა, მჯერა, რომ ხედავთ სანქციების ზეგავლენას. ვგულისხმობ: ზეგავლენას მთლიანად რუსეთის ეკონომიკაზე; ზეწოლას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გრძნობს. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი ამით არაფერს იგებს. რუსეთისთვის ეღირებოდა ფასის გადახდა, ამით რამე სარგებელი რომ ჰქონდეს. რეალობა კი ის არის, რომ ეს აზიანებს რუსეთს: უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციამ დააზარალა რუსეთი, დააზიანა მისი რეპუტაცია, აზარალა ეკონომიკურად, გამოიწვია ის, რომ საქართველო უფრო მეტად ერთიანია და უფრო მოწადინებული იყოს მეტად პროდასავლური, ნატოსა და ევროკავშირის მიმართ მეტად მხარდამჭერი ქვეყანა. იგივე ხდება უკრაინაშიც - იმან, რომ იძულებული არიან დაიცვან თავი რუსეთის ნაღმმტყორცნების, სნაიპერებისა და საარტილერიო ცეცხლისგან, ხელი შეუწყო უკრაინის საზოგადოების პოზიციის გამყარებას. მათ არ სურთ იყვნენ რუსეთის სივრცის ნაწილი, არამედ სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სურთ იყვნენ დემოკრატიული ქვეყანა და სურთ იყვნენ დაცულები. ვფიქრობ, რუსეთმა გააკეთა საპირისპირო თავისი მიზნებისა - ჰქონდეს უფრო ახლო ურთიერთობა და გავლენა უკრაინასა და საქართველოზე. სინამდვილეში, რუსეთმა დაკარგა ადამიანების გული და გონება ორივე ქვეყანაში.

– რამდენიმე დღის წინ იყო პატიმრების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის და თქვენ გამოხატეთ გარკვეული იმედი.

– ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. ძალიან მამხნევებს პატიმრების გაცვლის ხილვა. იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს მეტი პატიმრის გაცვლას, რადგან ისინი არიან აგრეთვე დონბასის კონტექსტში. აგრეთვე იმედი მაქვს, რომ პროცესი შეიძენს ახალ იმპულსს, რადგან ეს საჭიროა ცეცხლის შეწყვეტისთვის. შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ კვლავ გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები და მინსკის შეთანხმებების შესრულებას სჭირდება ბიძგი. ამ დრომდე რუსეთს არ შეუსრულებია ამ შეთანხმებების უდიდესი ნაწილი, რომელიც შეეხება რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების დაშლას და ა.შ.. ასე რომ, ვიმედოვნებთ, ეს გაცვლა მოიტანს დამატებით იმპულსს.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა