პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

„როცა საზოგადოება შფოთავს, რომელიმე ჩემ გადაწყვეტილებაზე ეს ჩემთვისაც წუხილის მიზეზია, ამიტომაც გამოვედი პირველი განცხადებით ცოტა ხნის წინ და ახლა პირდაპირ თქვენთან და საზოგადოებასთან. მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის, ის რაც ზოგს ჰგონია. ეს არ არის ვინმეს გამართლება, ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია სასამართლოსი, ეს არ არის რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება - მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, ეს არის შეფასება მოცემულობის და შეფასება ადამიანის, რომელიც ამავე დროს არის პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს არც შეცდომას და არ გამორიცხავს რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება ამ გარემოებების. როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. სპეკულაციები ჩემს საპარლამენტო მდივანზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ამასთან, შეწყალებულთა სიაშია დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 23 წლის განმავლობაში ითხოვდა. დაუსწრებლად მისჯილი 15 წლიდან ზურაბ ნადირაძემ გისოსებს მიღმა მხოლოდ ორი წელი გაატარა. 1994 წელს ზურაბ ნადირაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა ახალგაზრდებთან, მან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მოკლა ერთ–ერთი ახალგაზრდა იოსებ ქოიავა, სამი კი დაჭრა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია