„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების მსგავსი შეწყალება“

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა მისთვის „მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების მსგავსი შეწყალება მიუღებელია“.  

„მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების მსგავსი შეწყალება. აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა – გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან, რათა გაჩნდეს რაღაც ფილტრები იმისათვის, რომ მძიმე დანაშაულში განსაკუთრებით, მკვლელობაში მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფრომით არ იყვნენნ შეწყალებულები“, – განაცხადა პრემიერმა. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. ამასთან, შეწყალებულთა სიაშია დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 23 წლის განმავლობაში ითხოვდა. დაუსწრებლად მისჯილი 15 წლიდან ზურაბ ნადირაძემ გისოსებს მიღმა მხოლოდ ორი წელი გაატარა. 1994 წელს ზურაბ ნადირაძეს გრიბოედოვის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა ახალგაზრდებთან, მან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მოკლა ერთ–ერთი ახალგაზრდა იოსებ ქოიავა, სამი კი დაჭრა.

დღეს პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია