ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი: არსებობს თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი

პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოსთვის გამოცემული შეწყალების აქტის ირგვლივ სკანდალები არ წყდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჰუმანური აქტი შეეხო მკვლელობისთვის მსჯავრდებულ სამ პირს, მათ შორის პოლიციელის მკვლელს და მოქალაქეს, რომელიც 2010 წლიდან იძებნება. სია დახურულია, ამდენად ამ ეტაპზე არ ვიცით, უნდა ველოდოთ თუ არა დამატებით სიურპრიზებს. უკვე საჯარო ინფორმაცია ერთიანად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციისთვის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ საკუთარ შეფასებებში ოპოზიცია გაცილებით კრიტიკულია, მმართველი გუნდის წევრები კი მიუთითებენ პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებაზე და ყურადღებას საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ამახვილებენ. კონკრეტულად, რა სახის ცვლილებებზე შეიძლება, იყოს საუბარი, ამ ეტაპზე უცნობია, ცნობილია ზოგადი ფორმულა, რომ შეწყალების აქტი უფრო სამართლიანი უნდა გახდეს. თუმცა ეს მაინც სამომავლო საკითხია, ხოლო რა რეაგირება უნდა მოჰყვეს უკვე დამდგარ ფაქტს, ამაზე ხელისუფლება დუმს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით „ევროპული საქართველო“ გამოძიებას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს.

თავად გამოძიების დასაწყებად დანაშაულის ნიშნების არსებობაა აუცილებელი, პრეზიდენტს კი შეწყალების ექსკლუზიური უფლება აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ თავად პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე არავინ დავობს, თუმცა არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ზურაბიშვილს არ სურს. თითქმის ერთი თვეა აღნიშნული აქტი ყოველკვირეულ რეჟიმში ახალი სკანდალის საფუძველი ხდება, პრეზიდენტი კი არ თვლის საჭიროდ, განმარტოს, რა იყო მისი მოტივაცია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა, როგორ მოხვდა მასთან ზემოაღნიშნულ პირთა სია, არის თუ არა გამორიცხული შესაძლო კორუფციის ფაქტი? ცნობილია, რომ შეწყალების კომისია პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში დაშალა, ამდენად სადღეისოდ არ ფუნქციონირებს; იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს შსს-სა და იუსტიციის სამინისტროსთვის აზრი არ უკითხავს; თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მოქმედებდა და პერსონალურად აგებს პასუხს, თუმცა რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა, უცნობია, გამოცემული შეწყალების აქტი კი სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება.და მაინც, რა გამოსავალია არსებულ სიტუაციაში?  

არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები

თბილისის ყოფილი პროკურორი და ყოფილი მოსამართლე მაია მწარიაშვილი „აქცენტთან“ საუბრისას ამბობს, რომ თავმოყვარე პროკურორი გამოძიებას დაიწყებდა.


„პრეზიდენტმა შეწყალების კომისია დაშალა; არსებობს პრეზიდენტის მიერვე დამტკიცებული შეწყალების წესი, რომელიც არ დაიცვა; როდესაც არსებობს პრეზიდენტის აქტი, მოსწონს თუ არა, უნდა დაიცვას; როგორ შეიწყალა პრეზიდენტმა ადამიანები, არ ვიცით; პასუხებს არ იძლევა. როდესაც პირველ შემთხვევაზე დაუსვეს კითხვა პრეზიდენტს [პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელის შეწყალებაზე], თქვა, არ ვარ ვალდებული გითხრათ, ეს ჩემი დისკრეცია არისო; პრეზიდენტმა არ იცის, რას ნიშნავს დისკრეცია. დისკრეცია არ ნიშნავს თვითნებობას, ეს ნიშნავს რამდენიმე კანონიერი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის მიღების შესაძლებლობას. ამდენად, ძალიან საეჭვო გარემოებები ჩანს, ძალიან გახმაურებული მკვლელობების საქმეება და პლუს, ძებნილი შეიწყალა, ეს უკანასკნელი კი მით უფრო უცნაური და საეჭვო გარემოებაა. მე ვუსმენდი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებს, ვანო ზარდიაშვილმა თქვა, „გაუჩალიჩეს პრეზიდენტსო“. რას ნიშნავს „გაუჩალიჩეს“? ანუ, ხელისუფლება ამბობს, ვიღაცეებმა პრეზიდენტს რაღაცეები გააკეთებინესო. მით უფრო, თუ ხელისუფლებაც ვარაუდობს, რომ ქვეყნის მთავარსარდალს ვიღაცეებმა რაღაცეები გააკეთებინეს, მაშინ ვინ და რატომ გააკეთებინეს, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. მე დავიწყებდი გამოძიებას, მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე პასუხისგებაში მიცემის პრეცედენტი გვაქვს. ისიც ამბობდა, არაფერი დამირღვევიაო, მაგრამ განაჩენი დგას. ახლა პრეზიდენტი რას გვეტყვის, ნაკლებად საინტერესოა, რადგან უკვე ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს. იუსტიციის მინისტრმაც თქვა, როგორც წესი, პრეზიდენტი გვეკითხება და ახლა არაფერი უკითხავსო. ამდენად, ნორმალურ ქვეყანაში თავმოყვარე პროკურორი დაიწყებდა გამოძიებას, თავმოყვარე საზოგადოება კი მსგავს სიტუაციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვდა“,- განუცხადა „აქცენტს“ მწარიაშვილმა.

იმპიჩმენტის საფუძვლები

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველია კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა.


„50 დეპუტატი წარადგენს დასაბუთებას პარლამენტში, შემდეგ ეს ავტომატურად ეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაადგინა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა. პროცესი წყდება, ხოლო თუ დაადგინა, შემდეგ პროცესი გადმოდის პარლამენტში. საჭიროა 100 დეპუტატის ხმა იმისთვის, რომ პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვალოს“,- ამბობს იურისტი.

მისივე განმარტებით, თავად შეწყალების სკანდალი იმპიჩმენტის საფუძველი არაა, შესაძლოა, თავად ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, მაგრამ პროცესში პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი ვერ გამოიკვეთება მანამ, სანამ იმპიჩმენტის პროცესი წარმატებით არ დასრულდება.   

ამდენად, შემდეგი კითხვაა, ხედავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს თავად კომპეტენტური ორგანო და იარსებებს თუ არა შესაბამისი პოლიტიკური ნება გუნსა თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებში, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურას.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა