გია ხუხაშვილი: „აქ მთავარი პრობლემა სალომე ზურაბიშვილის საქციელი არაა“

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, მთავარი პრობლემა არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილში, არამედ „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკაშია, რომელიც ეფუძნება პირადი ნდობას, ხუშტურებს, ჯიბრზე მოქმედებებს და შედეგად გვყავს უწიგნური პოლიტიკური ელიტა. ამის შესახებ ხუხაშვილმა პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის გამოცემულ შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა. ცნობილია, რომ შეწყალებულთა შორის ერთი ძებნილი, ხოლო სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირია. 

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება რეალურად წუხს განვითარებულ მოვლენებზე, პრეზიდენტის თანხმობით წინასწარი გამოძიება უნდა დაიწყოს და შესაძლოა, ბევრ სიბინძურესაც მიაგნონ.  

"ჩაატარონ წინასწარი მოკვლევა ზურაბიშვილის თახმობითვე და ნახონ, რა უბედურება ტრიალებს",- ამბობს ხუხაშვილი. 

მისივე თქმით, ხელისუფლების წუხილი პასუხსიმგებლობაში უნდა გამოიხატოს. 

„სინანული პასუხისმგებლობაში უნდა გამოიხატოს, თორემ ასე ყველას შეუძლია, ბოდიში მოიხადოს და ამით დაამთავროს ყველაფერი. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უმრავლესობისთვის რაღაც ფაქტორია, რაც ძალაუფლების ცენტრად მიაჩნია უმრავლესობას, იქ პრეზიდენტი ახლოს არაა. ვფიქრობ, აქ მთავარი პრობლემა სალომე ზურაბიშვილის საქციელიც არაა, მას ამ პერიოდის განმავლობაში სხვა მძიმე თემებიც აქვს. მე სალომე ზურაბიშვილზე საუბარი დავასრულე, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენეს. ის იყო ამპარტავნობის სიმბოლო, არც კომპეტემტურია, ჩვენ კი ვგონივართ პაპუასები. პრობლემა ზურაბიშვილში კი არა, მსგავსი ტიპის საკადრო გადაწყვეტილებებშია. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ეს როგორ შეიძლებაო, მაშინ ჩატარდეს გამოძიება. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, „გაუჩალიჩესო“. თუ „შეუგდეს“ და „შემოუგდეს“, პრეზიდენტის წინააღმდეგ არა, მაგრამ ფაქტზე გამოძიების დაწყება ხომ შეიძლება, ვინ რის ფასად შეუგდო?! აქ ხომ ერთ შემთხვევაზე არაა საუბარი, სისტემური ხასიათი მიიღო. ძებნილის შეწყალება საერთოდ რას ნიშნავს? ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი ალბათობით საქმე კორუფცისთან გვაქვს: კაცი სადღაც გაქცეულია, იქიდან ვიღაცასთან იჩალიჩა...ეს არის უბედურება და უბედურებას სჭირდება გამოძიება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ცნობისთვის: მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც 2010 წლიდან იძებნებოდა, ამასთან, შეწყალებულებს შორის სამი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთის გასამართლებული.  

იხილეთ ასევე: ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი: არსებობს თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია