საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექცია „დავით აღმაშენებლის მონეტები" გაიმართა

18 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების  ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს  ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა ისტორიის დოქტორის, მაია პატარიძის საჯარო ლექცია - „დავით აღმაშენებლის მონეტები". ლექციის მოდერატორი გახლდათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი ჯაბა სამუშია, რომელმაც ისაუბრა დავით აღმაშენებლის ეპოქის მნიშვნელობასა და იმ პერიოდის კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ. 

ლექციაზე მიმოხილული იყო ინფორმაცია დავით აღმაშენებლის დღეისათვის ცნობილ ყველა მონეტაზე, მათ წარმომავლობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნო ახალ, ჯერ კიდევ უცნობ ეგზემპლარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკური ფონდიდან, რომელიც საინტერესო შენაძენია ქართული ნუმიზმატიკისთვის.

ლექციის შემდეგ მოეწყო ექსკლუზიური ტური დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენის დასათვალიერებლად, რომელსაც  უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"