„სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება“

მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ზუგდიდიდ მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს „არჩევნების შედეგებთან შეგუება მოუწევს“.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ რევოლუციური სცენარის შესახებ გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ცხადყოფს, რომ  პარტიაში დაპირისპირებაა.

„შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 19 მაისის არჩევნებმა საერთო ჯამში, მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. 

„მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზეგდიდში იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, პროვოკაციების, ექსცესები არ ყოფილა. ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია "ქართული ოცნების" წარდგენილმა კანდიდატებმა. მთაწმინდის რაიონშიც ლიდერობს ჩვენი კანდიდატი. არის მეორე ტური. კარგი იქნებოდა, რომ პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. ვნახეთ, რომ აქტივობა იყო დაბალი, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეორე ტურში მივაღწიოთ გამარჯვებას. "რუსთავი 2" მთელი დღის განმავლობაში სამწუხაროდ, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს იყო მოსყიდვა არა მხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ზუგდიდშიც, თუმცა ერთი ფაქტიც ვერ დადეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.45% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ‐ ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი და მან ხმათა 42.75% დააგროვა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp