რატომ მოხვდა "არტარეა" “გახარიას წერილში” – ჯაფარიძის ვერსია

ორგანიზაცია "ლელოს" ერთ–ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "გახარიას წერილი" მან და ორგანიზაციის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მიიღეს, თუმცა არ აზუსტებს, ვინ მიიტანა მათთან წერილი. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ მოხვდა "არტარეა" ამ წერილში. 

“მეც დავინტერესდი, როდესაც ეს წერილი მივიღე, “არტარეასთან“ საერთოდ რა შუაში იყო, კულტურის არხია და მერე ვიკითხე იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ არხის პროგრამირებას აკეთებენ. აღმოჩნდა, რომ თურმე, იქ რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი ლიტერატორი გამოდიოდა და ეტყობა, ეს იყო გამაღიზიანებელი ფაქტორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: ადვოკატებმა 11 სექტემბერს "გახარიას წერილზე" ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი და საჭიროა ის საქართველოში არსებულ მონაცემთა ბაზაში შემოწმდეს, ამისთვის კი გამოძიება უნდა დაიწყოს. ადვოკატებისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ლონდონიდან წერილის დედანს მიიღებენ, დასკვნასთან ერთად გადასცემენ პროკურატურას. 

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

ჯაფარიძემ აღნიშნულ ლიტერატორებს შორის დაასახელა ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს–ის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა