ინგუშებმა ქართულ დიასპორას ეკლესიის ასაშენებლად მიწები აჩუქეს

ინგუშების რამდენიმე ოჯახმა დონის როსტოვში (რუსეთის სამხრეთი) მშენებარე ქართულ ეკლესიას მიწის საკუთარი ნაკვეთები უსასყიდლოდ გადასცა. ამის შესახებ ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნულს ქართველი და ინგუში ხალხების მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითად აფასებს. 

„ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, მათი რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას, მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებელი ეკლესია აეშენებინათ. მოამზადეს ესკიზი, სამუშაო პროექტი, რომელიც არქიტექტორებმა უმოკლეს ვადებში წარმატებით განხორციელეს. მათ ეკლესიისთვის შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა საქალაქო მთავრობამ პროექტი არ დაამტკიცა იმ მიზეზით, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული პროექტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველებისთვის სამწუხაროდ, ეკლესიის ასაშენებლად შესაფერისი თავისუფალი ფართობი ქალაქში ვერც სვა ადგილზე მოიძებნა, რადგან დონის როსტოვი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო - ეკლესია ქალაქგარეთ აშენებულიყო, თუმცა ქართული ეკლესიის მრევლის უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანებია და მათ ქალაქგარეთ სიარული ძალიან გაუჭირდებოდათ. 

ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ადგილობრივ ქართულ საზოგადოებას, ასევე მშენებლობის სპონსორებს. 

მოგვიანებით ქართველებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ცენტრში, ეკლესიისთვის თავდაპირველად მონიშნული ტერიტორიის მიმდებარედ რამდენიმე ინგუში ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საჭირო ნაკვეთებს ფლობდნენ. ინგუშებმა შეიტყვეს ქართველების პრობლემის შესახებ. შეიტყვეს ისიც, რომ ეკლესია არ შენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ იყო მიწის საკმარისი ფართი. 

და მოხდა სასწაული - ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი ნაკვეთები უანგაროდ გადასცა - აჩუქეს!

შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ!

ასე ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა ჭეშმარიტი მეგობრობა დგას.

ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ - ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.

მე არ დავასახელებ იმ უნგუშების გვარებს, რომლებმაც ეს სიკეთე გააკეთეს - არ დავასახელებ, რადგან მათ ისურვეს ასე. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს ისინი, უფალმა აჩუქოს ღირსეული შთამომავლობა!“


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ