დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი.

მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები იყო.

დეზინფორმაციის ყველაზე დიდი ნაკადი, 38% ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყო მიმართული. 9% დიდ ბრიტანეთს უმიზნებდა, 6% - გერმანიას. 4-4% თითქმის თანაბრად განაწილდა ოთხ ქვეყანაზე: საფრანგეთი, ავსტრალია, ჰოლანდია და უკრაინა. 31% სხვა ქვეყნებზე იყო გათვლილი.

ერთ-ერთი პირველი სადეზინფორმაციო კამპანია, რომელიც მკვლევარებმა შეისწავლეს, 2013 წელს, პოლონეთის ინტერნეტ-სივრცეში განხორციელდა. მაშინ რუსეთი მიზნად ისახავდა უკრაინის დისკრედიტაციას და მის მიმართ მხარდაჭერის შემცირებას პოლონეთის მოსახლეობაში.

ბოლო ორი ფაქტიდან, რომელიც კვლევაში არ შესულა და უკვე 2019 წელს დაფიქსირდა, ერთ-ერთის სამიზნე ისევ უკრაინა იყო. მეორესი კი - ბელორუსი. ორივე შემთხვევაში რუსეთი ქვეყნის შიგნით სახელმწიფოს მთავრობის ავტორიტეტის მორყევაზე და ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის შესუსტებაზე მუშაობდა.

„მსგავსი კამპანიების მიზანი საკმაოდ ფართო შეიძლება იყოს და დღემდე მოიცავს გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა დონეზე, პოლიტიკური აქცენტების მიმართვას სხვადასხვა საკითხებზე, დაწყებული ჯანდაცვით და დამთავრებული უსაფრთხოებით, ამასთან ხდებოდა პოლიტიკური პოლარიზაციის წახალისებაც“ - ნათქვამია ნაშრომის პრეამბულაში.

ანალოგიური სტრატეგიის გამოყენებას ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთიც ცდილობენ. აშკარაა, რომ მათაც სურთ საკუთრ რეგიონში მდებარე მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკური სისტემების ფორმირებაზე იქონიონ გავლენა. თუმცა, ანგარიშის ავტორების თქმით, რუსეთთან შედარებით, ისინი გაცილებით სუსტები არიან. ისინი ვერ ახერხებენ სხვადასხვა კამპანიების ერთმანეთთან კოორდინირებას და შესაბამისად, ნაკლებად ეფექტურები არიან.

რაც შეეხება უცხოეთში დეზინფორმაციის განმარტებას, კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ნაშრომში შესულ დეზინფორმაციის თითოეულ შემთხვევას, მისი შემდგომი შესწავლის და ანალიზისთვის, 3 მთავარი კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა:

  • ერთი ქვეყანა მეორეზე ზემოქმედებს მედიის საშუალებით
  • ამ ქმედებას აქვს განსაზღვრული პოლიტიკური მიზანი
  • ეს ქმედება ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს სამიზნე ქვეყანაშია დამზადებული (ტროლების, ყალბი ანგარიშების, ყალბი მედია-საშუალებების გზით)

სამ მთავარ კრიტერიუმში მართალია არ შესულა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული მასალების ფართოდ გავრცელებაც ხდებოდა. ზოგჯერ სტიმულირებული იყო სიმართლე, ნამდვილი ფაქტები, თუკი მასალა ქვეყნის მთავრობის მიმართ მწვავე კრიტიკას შეიცავდა.

დეზინფორმაცია ვრცელდებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე, სხვადასხვა მოქმედი პირის, სტრატეგიის, ტაქტიკის, მიდგომის გამოყენებით. მიზანმიმართული და კოორდინირებული კამპანიების უმეტესი ნაწილი 2015-2017 წლებში დაიწყო და საშუალოდ 2.2 წელი გრძელდებოდა.

შესწავლილი ფაქტებიდან, დეზინფორმაციის კამპანიის ავტორები არიან კერძო კომპანიები (47%), მედია-ორგანიზაციები (39%) და დაზვერვის სააგენტოები (22%). კამპანიის მთავარი სტრატეგიაა ინსტიტუტების და კერძო პირების წინააღმდეგ აგორებული სიცრუე, მათი რეპუტაციის დაზიანების მიზნით (65%). ასევე გამოყენებულია სხვადასხვა საკითხებში ადამიანთა ჯგუფების მაქსიმალური პოლარიზაციისკენ მიმართვის სტრატეგიაც (15%).

ყოველი ხუთი შემთხვევიდან სამში, გამოყენებულია სამი სხვადასხვა მიდგომის ერთობლიობა: "შექმენი", "გადააჭარბე" და "დაამახინჯე". 99%-ში ახალი მასალა იქმნება; 78%-ში ფაქტების გადაჭარბება, გაზვიადება, უტრირება ხდება; 73%-ში კი ობიექტური ინფორმაციის დამახინჯებას აქვს ადგილი.

რაც შეეხება ტაქტიკას, ისიც გამუდმებით იცვლება. ხშირად, დეზინფორმაციის კამპანია სხვადასხვა ტაქტიკის კომბინაციას მოიცავს, რომელსაც რუსეთი პერიოდულად ცვლის. კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად მაინც ტროლების გამოყენება ხდება. ამასთან, იერიშების დაახლოებით ნახევარი, უკეთ გავრცელების მიზნით, ავტომატიზებულია.

მედიის პლატფორმებს შორის, უმეტესად გამოყენებულია 1. "ტვიტერი", 2. „ფეისბუქი“ და 3. ტრადიციული მედიის საშუალებები. ყველაზე ხშირად გვხვდება რომელიმე ორის, ან სამივე პლატფორმის კომბინაცია.

დეზინფორმაციის მთავარ პოლიტიკური მიზნებს შორის სახელდება:

დისკრედიტაცია და თავდასხმა

მაგალითად: აშშ-ის დემოკრატიული პარტია 2016 და 2018 წლებში; საფრანგეთში - ემანუელ მაკრონი 2017 წელს; ბრიტანეთში - ტერეზა მეი 2018 წელს და ა.შ.

პოლარიზაცია

მაგალითად: ამერიკულ პოლიტიკაში ერთდროულად შავკანიანთა მხარდამჭერი მოძრაობის და თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეების ხელშეწყობა; ანალოგიური პოლიტიკა კანადაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში და სხვა.

მხარდაჭერა

მაგალითად: ულტრამემარჯვენეების - ამერიკაში, ალტერნატივის - გერმანიაში, ბრექსიტის მომხრეების - ბრიტანეთში, კატალონიელი სეპარატისტების - ესპანეთში, ტრამპის კამპანიის - აშშ-ში, ულტრამემარჯვენეების - იტალიაში, ყირიმის ანექსიის - უკრაინაში და ა.შ.

ძირის გამოთხრა და მხარდაჭრის შესუსტება

მაგალითად: გერმანიაში - ანგელა მერკელის და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების, მთავრობის - ბელორუსში და უკრაინაში, სებასტიან კურცის - ავსტრიაში, ამერიკაში - ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასი, პარტნიორობის - პოლონეთს და უკრაინას შორის და სხვა.

სხვა პოლიტიკური მიზნები

მაგალითად: დისკრედიტაცია მათი, ვინც რუსული დეზინფორმაცია გამოავლინა; რუსული პროპაგანდის ტირაჟირება; ამერიკული ახალი ამბების დამახინჯება; ებოლას აფეთქების შესახებ რისკების მინიმიზაცია და სიყალბით ჩანაცვლება და ა.შ.

კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ მათ მიერ გამოვლენილი, აღწერილი და შესწავლილი დეზინფორმაციის კამპანიები მხოლოდ ზედაპირზე ნაპოვნი ფაქტები იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე სინამდვილეში, შესაძლოა მხოლოდ მცირე ნაწილი იყოს გაცილებით დიდი, მოცულობითი საიდუმლო ოპერაციების, რომლის დაფიქსირებაც გარედან, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ნაშრომის ავტორები არიან დიეგო მარტინი და ჯეიკობ შაპირო. კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია პრინსტონის უნივერსიტეტის კონფლიქტების ემპირიულ სწავლებათა პროექტის გამოცემაში.

წყარო: "ამერიკის ხმა"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება