ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“

საქართველოს ხელისუფლების წარმოადგენლები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ეთანხმებიან“

ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი:

„ზოგადად ჩვენ პატივს ვცემთ ისეთ ინსიტიტუტებს, როგორიც არის NDI, IRI, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა, რომ მათი პარტნიორები, ქართველი პარტნიორები ველზე, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც არის ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ყველა საკითხს არ ეხებოდეს, ძალიან რთული არის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასება და პროცენტულ მაჩვენებლებში შესვლა. ნება მომეცით, რომ ამ კვლევებში ასახულ შეფასებას [მთავრობის საქმიანობაზე] სრულად არ დავეთანხმო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ ის პრობლემები, რომლებიც პირველ ხუთეულში ხვდება, როგორიც არის დასაქმება, ტერიოტორიული მთლიანობა, შემოსავლები, ეს არის ის პრობლემები, რომლებასაც საქართველოს მთავრობა თავად აყენებს, ჩვენ ვიცით, რომ სიღარიბე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმება არის ძირითადი გამოწვევები და ჩვენი საქმიანობა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ. მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები, თუ ეს ასე არის შეფასებული, ჩვენ ჩვენს თავს ვთხოვთ პირველ რიგში მეტს“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა:

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რაც არსებობს ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით რაც არის ჩვენი პრობლემები. ეს არის, სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, დასაქმება, როემლიც უნდა გავზარდოთ და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. NDI-ის კვლევები ამ თვალსაზრისით, რომელიც იქცა ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად, არ არის ჩვენი სახელმძღვანელო“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი :

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველაზე რეალური გამოხატულება არის არჩევნებში... ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა გამოკითხვის შედეგები არ ემთხვეოდა არჩევნების შედეგებს, ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის საქმიანობა, რომელიც მიმართულია პირველ რიგში, ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იმისთვის, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც გვაქვს, უპრეცედენტო საგარეო გამოწვევების ფონზე და მართლაც ფაქტია, რომ უამრავი საგარეო გამოწვევა არსებობს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იგივე ოკუპაცია, რომელიც სერიოზული გამოწვევაა და აისახება ეს მთავრობის საქმიანობაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა, რადგან სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ვერც განვითარებას და ვერც კეთილდღეობას და მე ვფიქრობ, რომ ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, დაინახავს და ეს ყველაფერი იქნება თარგმნილი არჩევნებზე“.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: 

„ბუნებრივია, როდესაც ესა თუ ის, ამ ტიპის კვლევა მრავალი წლის განმავლობაში ტარდება იმ რეგულარობით, რა რეგულარობითაც ტარდება, იმ კითხვების ფორმულირებებით, როგორც ეს კითხვები არის ხოლმე ფორმულირებული და ასევე, ველზე ჩატარებული სამუშაოების მეთოდებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ქცეული პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტად. ადრეც მითქვამს, ჩვენი გუნდის წევრებს მრავალჯერ უთქვამთ და დღესაც იგივე შემიძლია, გავიმეორო. ჩვენ რა თქმა უნდა, გავიგეთ, რომ ეს კვლევა ჩატარდა, გამოქვეყნდა შედეგები, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ამ კვლევის შედეგებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ან სამუშაო ინსტრუმენტად ვიყენებთ, როგორც უნდა იყოს სოციალური კვლევა სამუშაო ინსტრუმენტად ქცეული შემდეგ, ეს ნამდვილად ასე ვერ იქნება“.

თბილისის მერი კახა კალაძე:

"2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შეგიძლია ამოვიღოთ მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, შედეგები ვნახოთ და თუ როგორ ვითარდებოდა შემდეგ მოვლენები. შესაბამისად, მაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდო კვლევებს განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რაც მე მაქვს ყოველდღიურ რეჟიმში".

ცნობისთვის: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 60 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია