ეთნიკურ ჩეჩენს რუსეთს გადასცემენ: ცვლის თუ არა თბილისი პოლიტიკას

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს, რომელიც ბოლო ორი წელი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, რუსეთში ექსტრადირებას უპირებენ.

როგორც „აქცენტს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა განუცხადა, ექსტრადირების შესახებ ბრძანებას ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 სექტემბერს მოაწერა, თუმცა კონკრეტულად როდის იგეგმება გადაცემა, ადვოკატს არ უმხელენ. ახიადოვი კი დარწმუნებულია, რომ მას რუსეთის ციხეში წამება და სიკვდილის კი ემუქრება.


39 წლის რამზან ახიადოვი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუთაისში ცხოვრობდა, მანამდე კი თურქეთში. ადვოკატის ცნობით, მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და მოქალაქეთა გადაბირებისთვის, თუმცა ადვოკატისვე ინფორმაციით, ახიადოვის საქმეში, რომელიც ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება, არანაირი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენებების კი არ დევს. როგორც ჩანს, საქმე საკმარისი აღმოჩნდა ჯერ საემიგრაციო სამსახურისთვის, შემდეგ კი პროკურატურისთვის: ახიადოვს ლტოლვილის სტატუსი საქართველოში არ მისცეს და საექსტრადაციო პროცესიც დაიწყო.

მოვლენათა ქრონოლოია კი ასეთია: ის გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. მან დაკავების შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა და საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახიადოვს საქართველოში თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა. გადაწყვეტილება ორ ისტანციაში გასაჩივრდა, თუმცა უშედეგოდ.

„როდესაც პროკურატურამ შეხედა, რომ სასამართლო უარს გვეუბნებოდა, საქალაქო სასამართლოში შემოიტანეს შუამდგომლობა და რამზანის ექსტრადიცია მოითხოვეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა სასამართლომ. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მივმართეთ. კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება ექსტრადირების თაობაზე ბრძანებას არ მოაწეროს ხელი, თუმცა ხელი მოაწერა.

საქართველოს სახელმწიფო კონვენციებს იშველიებს და ამბობს, რომ არ იყვნენ ვალდებულნი რუსეთის ფედერაციის გამოძიების მასალები შეესწავლათ. თუმცა, ხომ უნდა იცოდნენ რატომ უგზავნიან ექსტრადიციის მოთხოვნას? დასაბუთებული ვარაუდი მაინც ხომ უნდა იყოს იმისი, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა?! ეს სტანდარტი დაცული არ არის. როდესაც ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთში არასახარბიელო მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლიანი სასამართლოს კუთხით, მეტად კრიტიკული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო“, – ჰყვება ადვოკატი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საქართველოში თავშესაფრის მიღება მნიშვნელოვნად გართულდა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მიკაელ კადიევის საქმე, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთი ითხოვდა. კადიევს საქართველოში თავშესაფარზე უარი უთხრეს, თუმცა უარი ასევე უთხრეს რუსეთს მის გადაცემაზე. მაშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ მისი "მეზობელ სახელმწიფოში ექსტრადირება ადამიანის უფლებათა დარღვევა იქნება და რომ პროკურატურასაც იგივე პოზიცია ჰქონდა".

თუმცა საქართველოს სამწუხარო გამოცდილებაც აქვს - „შამაევი და 12 პირი საქართველოს წინააღმდეგ“, რის გამოც ქვეყანამ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოსგან მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. მაშინ სტრასბურგმა საქმე უმნიშვნელოვანესად ჩათვალა და უმოკლეს ვადაში განიხილა. სწორედ ეს საქმე გაიხსენა წულუკიანმა, როდესაც რუსეთის მიერ კიდევ ერთ ძებნილ ახმედ ჩატაევზე საუბრობდა. 2012 წელს: „ჩვენ ვართ ის  ქვეყანა, რომელიც მსგავსი ეთნიკური წარმოშობის პირს ვერ გადავცემთ რუსეთს. ამ პირის მიმართ თავის დროზე უკრაინას ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთისთვის არ გადაეცა. ჩვენ გვაქვს მწარე მაგალითი ჩეჩნების საქმისა - „შამაევი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, როდესაც საქართველო მკაცრად დაისაჯა იმისთვის, რომ 5 ჩეჩენი ე.წ. ბოევიკი გადასცა რუსეთს. ჩვენ მსგავსი ტიპის შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და ჩატაევი რუსეთში ჩვენი ხელით არ დაბრუნდება. ეს გამორიცხულია“.

იგივე საქმეს ამჯერად თავად წულუკიანს ახსენებს იურისტი ლია მუხაშავრია. ის მუშაობდა საქმეზე „შამაევი და 12 პირი საქართველოს წინააღმდეგ“ და თავის კოლეგებს ახიადოვის შესახებ გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას ურჩევს, რაც ტოვებს შანს ექსტრადირების პროცესის შეჩერების.


„მაშინ ეს საქმე საქართველომ სკანდალურად წააგო: გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული და არ შეეხო მხოლოდ 13 პირს. მაშინ წულუკიანს ძალიან მოჰქონდა თავი, რომ პალატის თავმჯდომარემ ორ საათში მიიღო განსაკუთრებული ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, შეეჩერებინა ექსტრადიცია. როდესაც დღეს წულუკიანი მსგავს გადაწყვეტილებას აწერს ხელს, მაშინ მან კარგად უნდა დაასაბუთოს, რატომ არ არღვევს ეს ევროკონვენციას - რა რუსეთში ჩეჩნების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია და იქ ეს ადამიანი არ გახდება წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი? მაშინ ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ არსებობდა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ მხეცურ მეთოდებზე, რომლებსაც რუსულ ციხეებში ჩეჩნების წინააღმდეგ იყენებდნენ. ჩვენ ეს ძალიან მარტივად დავასაბუთეთ. და ახლა თუ ეს დამოკიდებულება შეცვლილია, რით ასაბუთებს წულუკიანი? როგორც ჩანს, მინისტრის სავარძელში ამნეზია ემართებათ“,- განუცხადა „აქცენტს“ იურისტმა ლია მუხაშავრიამ.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე, რომელიც წლებია, ჩრდილოეთ კავკასიის თემებზე მუშაობს და იქ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, „აქცენტთან“ საუბრისას ამბობს, რომ განსაკუთრებით ჩეჩნეთში ტერორიზმის ბრალდებას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ:


„ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა რუსეთში, განსაკუთრებით, ჩეჩნეთში: ამ ბრალდებით ხდება კადიროვისთვის არასასურველი პირების მარგინალიზება, შემდეგ უკვე მიმდინარეობს ამ პირების მიმართ ანგარიშსწორება, არა მხოლოდ აპატიმრებენ, არამედ საპატიმროში ისინი წამების მსხვერპნი ხდებიან და ამის არაერთი ფაქტი არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვის შემთხვევა, რომელიც სირიაში საერთოდ არ არის ნამყოფი და არც ერთი ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა, თუმცა მას რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ედავება. მაღალი ალბათობით, მსგავს მოვლენას უნდა ჰქონდეს ადგილი ახიადოვის შემთხვევაშიც. ცნობილია, რომ ის საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და სირიის კონფლიქტში არ მონაწილეობდა“.

მართალია, საქართველო სტრასბურგის ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიელების რუსეთისთვის გადაცემას თავს არიდებდა, მაგრამ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკა შეიცვალა. კავკასიოლოგი იხსენებს მაგომედ მაგომედოვის გახმაურებულ საქმეს, რომლის თბილისის ცენტრიდან „გაუჩინარდა“, შემდეგ კი მას ნათესავებმა რუსეთში, ციხეში მიაკვლიეს. ამ შემთხევაში ექსტრადაცია ოფიციალურად არ განხორციელებულა.

„მისი [მაგომედ მაგომედოვი] ბოლო ზარი ანაკლიაში დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ის არაოფიციალურად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასცეს.

ახალი ხელისუფლების პირობებში ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ პოლიტიკა შეცვლილია: ისინი თვლიან, რომ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რუსეთის შიდა საქმეა და სრულად არ ითვალისწინებენ იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა. ისინი ვერ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ქვეყანას ცუდად შემოუბრუნდეს. ჩრდილოეთ კავკასია არის რეგიონი, სადაც ისტორიულ მეხსიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ომიდან ორი ათეული წელია გასული, საქართველოში მძიმედ იხსენებენ იქ ჩრდილოეთ კავკასიელთა ჩართულობას, ჩრდილოეთ კავკასიაში კი ასევე მძიმედ იხსენებენ საბჭოთა კავშირის დროს მათ დეპორტაციაში ქართველების მონაწილეობას. მსგავსი ფაქტები კი ურთიერთობების გაფუჭებას უწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლება ამ გარემოებებს არ ითვალისწინებს და რაღაც მოკლევადიანი სარგებლისთვის, იგივე რუსეთთან ურთიერთობის სტაბილიზებისთვის შესაძლოა, ადამიანები წამებისთვის გაწიროს. გრძელვადიან პერსპექტივაში ამას არანაირი გავლენა არ ექნება: რუსეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს შემდგომ ხელისუფლებებს კი ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის მოუწევთ ახსნა, თუ რატომ გაწირა საქართველომ მათი თანამოქალაქე წამებისთვის“.

განახლება

თეა წულუკიანის განცხადებით, ახმადოვის რუსეთში ექსტრადირება დღეს განხორციელდა. 

„მოცემული პირის გადაცემა დღეს დილით განხორციელდა. საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მათ რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ ახმადოვი არ დაექვემდებარება წამებას, თუმცა რა აძლევს მას მსგავსი ნდობის საფუძველს, ან როგორ განახორციელებს მონიტორინგს, შეასრულა თუ არა რუსეთმა დანაპირები, არ განუმარტავს. 

„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტის, ჩვენი მოქალაქის თუ სხვა ქვეყნის იყო პრიორიტეტი და არის ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ სტრასბურგის სტანდარტი არ დარღვეულა. 

„არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი. იგივე დასკვნამდე მივიდა სხვათა შორის ჩეჩნების ძალინ ცნობილი საქმემდე სტრასბურგის სასამართლო, როცა წერილობითია გარანტიები, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ გარანტიებში ჩვენ ეჭვი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი