წულუკიანი - რუსეთის გენპროკურატურის დაპირებაზე: „არ არსებობს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ“

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენის რამზან ახმადოვის რუსეთში ექსტრადირება დღეს განხორციელდა. 

წულუკიანი რუსეთის მიერ ახმადოვის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაზე ამახვილებს ყურადღებას, თავად ბრალდებული კი ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს და ის ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.  

„მოცემული პირის გადაცემა დღეს დილით განხორციელდა. საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა, პირველი არხის ცნობით, თეა წულუკიანმა.

როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, უწყებამ რუსეთის ფედერაციისგან მიიღო წერილობითი გარანტიები, რომ პატიმარი არ დაექვემდებარება წამებას, თუმცა რა აძლევს მას მსგავსი ნდობის საფუძველს, ან როგორ განახორციელებს მონიტორინგს, შეასრულა თუ არა რუსეთმა დაპირება, მას არ განუმარტავს. 

„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის, თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტის, ჩვენი მოქალაქის თუ სხვა ქვეყნის იყო პრიორიტეტი და არის, ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რომ ეს პირი საპატიმროში ადამიანურ პირობებში იქნება მოთავსებული და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება, დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით: ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ მისი გადაწყვეტილებით ევროკონვენცია არ დარღვეულა. 

„არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი. იგივე დასკვნამდე მივიდა სხვათა შორის ჩეჩნების ძალინ ცნობილი საქმემდე სტრასბურგის სასამართლო, როცა წერილობითია გარანტიები, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ გარანტიებში ჩვენ ეჭვი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ასევე:ეთნიკურ ჩეჩენს რუსეთს გადასცემენ: ცვლის თუ არა თბილისი პოლიტიკას

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს–ის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა