ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს. ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ოქრუაშვილს თავდებში უდგება რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია.

უამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. საბოლოო ჯამში სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. 

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა 31 ივლისს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა