ავარია ქარელთან - დაშავდნენ პოლიციელები

ქარელთან, დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად პატრულის 2 თანამშრომელი დაშავდა

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი - პატრულ ინსპექტორები: გ.ტ. და გ.ხ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში მალევე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, გ.ტ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორი, 1988 წელს დაბადებული გ.ტ. ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს, რომელსაც ამ წუთებში შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"