რა გზით შეიტყო შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის შესახებ - მინისტრის მოადგილის კომენტარი

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შს სამინსტრომ ევროპოლის არხით მიიღო,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გახმაურებულ საქმეზე საუბრისას განაცხადა. ცნობილია, რომ ამ მძიმე დანაშაულის ბრალდებით 11 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. როგორც ბორცვაძე ამბობს, სამწუხაროდ, აღნიშნული პირები საქმიანობაში არა შანტაჟითა და მუქარით, არამედ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ნებაყოფლობით ერთვებოდნენ, თუმცა გამოთქვამს იმედს, რომ შანტაჟის ფაქტს გამოძიება გამოკვეთავს. 

„ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ დაახლოებით სამი თვის წინ ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით და ავტომატურ რეჟიმში ჩვენ დავიწყეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. როდესაც დავადგინეთ პიროვნებები, თუ ვინ იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულის ჩადენაში -  უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თანამშრომლობა ავსტრალიისა და აშშ-ის სამართალდამცველებთან, რათა ერთობლივად გაგვერკვია, რასთან გვქონდა საქმე“,- განაცხადა ბორცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში. 

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო როდესაც დარწმუნდნენ, რომ მსგავსი დანაშაული ნამდვილად ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, პრიორიტეტად მტკიცებულებების მაქსიმალურად სწრაფად შეგროვება გახდა. 

მისივე თქმით, დანაშაულებრივ ქმედებებში რამდენიმე ოჯახი იყო ჩართული, თუმცა მუშავდება სხვადასხვა ვერსიები და არ არის გამორიცხული, დანაშაულის ჩამდენ პირთა წრე გაიზარდოს. 

ბორცვაძე ადასტურებს, რომ სპეცოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა, მათ შორის თბილისში, გორსა და ლანჩხუთში. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა, მათგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 9 - საქართველოსი. 

ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, გენერალური პროკურატურა, ევროპოლი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა.

ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

„საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით”, - აცხადებენ შსს-ს ცნობით, აშშ-ის საელჩოში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"