აფხაზეთში მშვიდობის დამყარებისთვის ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადმოასხეს

ოკუპირებულ აფხაზეთში სასულიერო პირებმა "მშვიდობის მიღწევისა და საზოგადოებაში გაჩენილი კონფლიქტის დასაძლევად" ვერტმფრენიდან 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადმოასხეს, – იუწყება ადგილობრივი მედია.

მისივე ცნობით, ნაკურთხი წყლის გადმოსხმა მაშინ მოხდა, როდესაც დე ფაქტო სასამართლოში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ალხას კვიცინიას სარჩელს განიხილავდნენ.  

"მსგავსი შემთხვევა ადრეც მქონია, თუმცა ვერ ვიხსენებ, რომელი წელი იყო. როდესაც ქვეყნის შიგნით გაურკვევლობა და დაპირისპირებაა, ვლოცულობთ. დღეს შევძელით, რომ ვერტმფრენით ზეცაში ავსულიყავით და სახარება წაგვეკითხა,"- განაცხადა "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" მოსკოვს დაქვემდებარებულმა წინამძღოლმა ბესარიონ აპლიამ.   

ოპოზიცია არ სცნობს ორ  ტურად - 25 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ჩატარებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმად, გამარჯვება კრემლის მხარდაჭერით მოსარგებლე მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.  

დამარცხებულად გამოცხადებულმა კანდიდატმა - ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერმა ალხას კვიცინიამ შედეგები გაასაჩივრა, თუმცა გუშინ გამართული სხდომის შედეგად დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ "არჩევნების" შედეგები უცვლელად დატოვა.  

დე ფაქტო არჩევნები თბილისთან ერთად აშშ–მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც დაგმეს, მათგან 15–მა ქვეყანამ (ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ირლანდიამ, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, ფინეთმა, ჩეხეთმა) -  ერთობლივი განცხადებით. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი