დვინიანინი: „საქართველო–აფხაზეთის საზღვარი კვლავინდებურად მყიფეა და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს“

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩ ალექსეი დვინიანინის განცხადებით, „საქართველო–აფხაზეთის საზღვარი კვლავინდებურად მყიფეა და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს“. ამის შესახებ მან სოხუმში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ნატო–ს წვრთნებსა და ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც ე.წ. ელჩმა აღნიშნა, „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო სფეროში უამრავი შეთანხმებაა გაფორმებული, ცოტა ხნის წინ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მოსკოვში იყო ჩასული და ხელი მოაწერა დამატებით ხელშეკრულებას აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების დაფინანსების თაობაზე“. 

მისივე თქმით, „წარმატებით ხორციელდება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ძალების მიერ აფხაზეთის გარესაზღვრების დაცვის შესახებ შეთანხმების რეალიზებაც, თუმცა საქართველო–აფხაზეთის საზღვარი კვლავინდებურად მყიფეა და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს“.

ამ კონტექტსში დვინიანინმა საქართველოში ნატო–ს წვრთნებზე გაამახვილა ყურადღება:

„წელს, დაახლოებით ერთი თვის წინ ნატო–ს წვრთნები ჩატარდა , თუ არ ვცდები, ალიანსის წევრმა 13–მა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა. გვაშფოთებს, რომ ყოველწლიურად ნატო–ს წვრთნებში სულ უფრო მეტი ქვეყანა მონაწილეობს და თავად წვრთნებიც სულ უფრო შემტევ ხასიათს იძენს. გვაქვს ინფორმაცია საქართველოსა და აშშ–ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების თაობაზეც. როგორც ვიცით, მზადდება ახალი შეთანხმება ამ სფეროში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი ინსტრუქტორების განლაგებას ითვალისწინებს, ეს, ბუნებრივია, ასევე გვაშფოთებს.  და ამ ფონზე განსაკუთრებით სასიამოვნოა რუსეთსა და აფხაზეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალზე სერიოზული შეთანხმებების არსებობა, რომელიც ორ სახელმწიფოს ნებისმიერი მტრის ნებისმიერი შეტევის მოგერიების შესაძლებლობას აძლევს“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"