"თუ საჭირო იქნა, ვიქნები პირველი პრემიერიც, რომელიც მისცემს ჩვენებას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თავად იყო პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, ხოლო თუ საჭირო გახდა, ასევე პირველი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას.

როგორც გახარია ამბობს, პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი ან სად იქნება დასაწყები დევნა.

„20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის გადანაწილებას, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „იმ პოლიტიკურმა ძალებმა, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს 20 ვინისის აქცია და, რომლებიც ტელევიზიის ეკრანიდან მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

დღეს, 19:00-ზე "სირცხვილია" მასშტაბურ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხსენებული საპროტესტო აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია