პარლამენტთან აქციები "სირცხვილია" ყოველდღიურ რეჟიმში აღარ გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები ყოველდღიურ რეჟიმში აღარ გაიმართება. როგორც ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, სიმბოლური აქციები გაიმართება ყოველი თვის 20 რიცხვში და ახლა მთავარ აქცენტს ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთებენ. 

როგორც მაქარაშვილი ამბობს, ახლა მთავარია არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, ხოლო ხელისუფლებას მისი გაყალბების შესაძლებლობა არ მიეცეს.  

"ვაპირებ ჩავიდე ყველა რაიონში, ყველა სოფელში, შევხვდე მოსახლეობას, შემოვიკრიბო სწორი ხედვებისა და იდეების მქონე ადამიანები და 2020 წლის არჩევნებზე ყველა უბანთან გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი“, - ამბობს მაქარაშვილი. 

განცხადება იმის შესახებ, რომ აქცია "სირცხვილიას" მთავარი მიზანი იცვლება, ჯერ კიდევ 3 სექტემბერს გააკეთა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა. 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია წარადგინეს. 

"თუ აქამდე ჩვენი საზრუნავი იყო, რომ გახარია გადამდგარიყო, ახლა მთავარი საზრუნავი იქნება, ეს კორუმპირებული ხელისუფლება მთლიანად ჩამოშორდეს მართვის სადავეებს, რა თქმა უნდა, არჩევნების საშუალებით 2020 წელს – საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. წინა ხელისუფლებასაც ეგონა, რომ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერეაბ კარგი გადაწყვეტილება იყო და ეს ხელისუფლება მიდრეკილია, გაიმეოროს წინამორბედების შეცდომები, მაგრამ ვერა –წარმატებები",- განაცხადა მაშინ დიღმელაშვილმა. 

დღეს, 19:00-ზე "სირცხვილია" მასშტაბურ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხსენებული საპროტესტო აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი