ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცლებს.

ნადირაშვილი პროკურატურაში 23 სექტემბერს, 11:00 საათზე  მივა.

ცნობისთვის: შეწყალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  მანამდე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 19 სექტემბერს "ევროპულმა საქართველომ" მიმართა.

„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)” - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

პარლამენტის წევრი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროს შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

თავად დიმიტრი გაბუნიას კომენტარი არ გაუკეთებია, პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ შეწყალების სკანდალურ სიასთან, რასაც თავად მოაწერა ხელი, გაბუნიას კავშირი არ აქვს და თავად აგებს პასუხს. ხოლო რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა, ეს არ განუმარტავს. პრეზიდენტმა სკანდალის შემდეგ შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ასევე გახდა კრიტიკის საფუძველი. მორატორიუმის ვადები უცნობია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"