ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება შესაძლოა, კანონით აიკრძალოს

ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შესაძლოა, კანონით აიკრძალოს. შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსში შედის: "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

“აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი,”- ნათქვამია კოდექსის პროექტში.

თავად შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი წერია, რომ - “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდ-დღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შრომის კოდექსის მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”

იმისთვის, რათა მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, აღნიშნული თავით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა იყოს შევსებული. ის, რომ შეთავსებული სამუშაოს შესრულება ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ საათებში უნდა მოხდეს, ეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის დადგენილი, თუმცა, არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს დროის იმ შესაძლო მონაკვეთის მოცულობას, რომლის განმავლობაშიც, მოქალაქეს მეორე სამსახურის შესრულება შეუძლია.

ცვლილებებს ბიზნესისა და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეშ ჩარევად აფასებს ბიზნესომბუდსმენი და ფიქრობს, რომ მას ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში.

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.  კანონის პროექტში ჩადებულია  საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების  ნაწილი უნდა იყოს  და  ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. მიგვაჩნია, რომ  ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული  საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში  ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ,  იზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება, იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები”- აცხადებს ბიზნესომბუდსმენის.

ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე  რეგულირების გავლენის შეფასების ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს  ყურადღებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ ცხადი იყოს რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან არის დაკავშირებული ცვლილებები ანალიზი აუცილებელია.

„ლოგიკური და აუცილებელიცაა, ამ მასშტაბის ცვლილებებზე, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის დღეს არსებულ წესებს  ჩატარდეს რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზი, სადაც ზუსტად გამოჩნდება ნეგატიური ეფექტებიც და სავარაუდო შედეგებიც, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს საჭიროა, რათა დავინახოთ  ემსახურება თუ არა რეფორმა რეალურად დაგეგმილ მიზანს და რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან გვექნება საქმე. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომელიც აღსრულების კუთხით იქნება რთული, იქნება ტვირთი ბიზნესისთვის, მოგვცემს ეკონომიკურ დანაკარგებს და შედეგი პრაქტიკულად ამ ნაწილში არ გვექნება“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

წყარო: bm.ge

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი