პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 20 ივნისის შემდეგ ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციების ბოლო აქცია, რომელიც პარლამენტის წინ იმართება, 21 სექტემბრიდან მოძრაობა სხვა ფორმით განაგრძობს საქმიანობას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დღეს არის განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული ინტერესების ჯგუფების დღე. 

აქციაზე „სირცხვილიას“ სამომავლო გეგმის შესახებაც გახდება ცნობილი.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სიმბოლური აქციები ყოველი თვის 20 რიცხვში გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთვებიან, თუმცა ეს არ გულისხმობს კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი თქმით, ეს ნიშნავს კამპანიის წარმოებას – რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"