"თუ საქმე აღიძრა, უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი, სხვა შემთხვევაში გამოძიებას ფორმალური ხასიათი ექნება"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ პატიმრების შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოიკითხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებას ფორმალური ხასიათი ექნება".

„ამ ქვეყანაში რეაგირება სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არის საზოგადოების დიდი პროტესტი. მგონია, რომ თუ საქმე აღიძრა, უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი, სხვა შემთხვევაში ამას ფორმალური ხასიათი ექნება. რაც შეეხება კორუფციას, სამწუხაროდ, ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს პრეზიდენტს იმ რამდენიმე ათასი განცხადებიდან როგორ ამოარჩია 30-მდე ეს საქმე. მე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და ვიცი, რომ უბრალოდ ვერ გამორიცხავ ვერავის, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმს და შესაბამისად ყველა უნდა განიხილო და იმ რამდენიმე ათასიდან ეს 30-მდე განცხადება როგორ ამოარჩია ეს არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის უფლება არის, ნებისმიერ დროს შეიწყალოს პატიმარი, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამ პროცესში უნდა გამოირიცხოს კორუფციული რისკები და ზუსტად ამიტომ არსებობს კრიტერიუმები და ზუსტად ამიტომ შეიძლებოდა ყოფილიყო შეწყალების კომისია, რომელიც დააზღვევდა პრეზიდენტს ამ რისკებისგან. ბევრი კითხვაა და იმედია ეს გამოძიება ამ კითხვებს პასუხს გასცემს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს