პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: "ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება, ვიღაცას ჰკითხო?"

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეადგინა სია, რომელითაც პრეზიდენტმა მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი შეიწყალა.

„9 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ვიყავი შვებულებაში და ეს ყველაფერი მედიის საშუალებით გავიგე.  ბუნებრივია, დავსვი კითხვები და ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო. რატომ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება, ვიღაცას ჰკითხო? პასუხი, ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ის პასუხისმგებელი პირი, ვის უფლებამოსილებაში შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა. მე როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, ამ შეკითხვებს აუცილებლად დავსვამ. ეს არის ჩემი აზრით ბინძური ცილისწამება. არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი და შესაბამისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მე არ ვკითხე პრეზიდენტს, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია, მაინტერესებს და გამოძიებას ვკითხავ. ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. ნამდვილად არ ვიცი და თქვენთან ერთად მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს კონკრეტულად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია, ვინ შეიტანა ეს სია და შესაბამისად, რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. აბსოლუტურად არ ვარ გარეული, როგორც მე თქვენ გიყურებთ ახლა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ამას დავამტკიცებ“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, გაბუნიამ. 

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"