ტრამპისა და პუტინის ჰელსინკის შეხვედრა დიდი საერთაშორისო თამაშის კონტექსტში

ავტორი: პოლიტოლოგი, დიპლომატი, პროფესორი ნიკოლოზ ვაშაკიძე

ტრამპისა და პუტინის ჰელსინკის შეხვედრამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ შორის -საქართველოში, რაც გასაკვირი არ არის. იმას, თუ რაზე გარიგდებიან ან არ გარიგდებიან ამ ორი დიდი ქვეყნის ლიდერები, მსოფლიოს დიდი ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს.

რუსეთში შეხვედრას მეტწილად პოზიტიური გამოხმაურება აქვს. რაც შეეხება დასავლეთს, აშშ-ისა და ევროპის მედიაც და საექსპერტო საზოგადოებაც ტრამპს ძირითადად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. ამასთან, ამერიკელები ევროპელებზე უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან.

მთავარი პრეტენზიები შემდეგია: რუსეთის უმძიმესი ცოდვებისა და მისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების ფონზე ტრამპი წარმოუდგენლად თბილი და პოზიტიური იყო პუტინის მიმართ; ამავე დროს, უშუალოდ შეხვედრის წინ ტრამპმა თავის "ტვიტერში" ორმხრივი ურთიერთობების უპრეცედენტო გაუარესება ცალსახად აშშ-ს დააბრალა. ეს "ტვიტი" იმსახურებს იმას, რომ სრულად იყოს აქ მოყვანილი: „ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არასდროს ყოფილა ამაზე უარესი აშშ-ის მრავალწლიანი წინდაუხედავობისა და სისულელის, ახლა კი ალქაჯებზე ნადირობის გამო“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის ამ განცხადებას "ტვიტერშივე" ცინიკური და დამცინავი პასუხი გასცა - „გეთანხმებითო“. ძნელი წარმოსადგენი არაა, რამხელა გაღიზიანებას გამოიწვევდა ეს აშშ-ში. ბევრისთვის გამაოგნებელი იყო ტრამპის პასუხი პუტინს ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ ამერიკული სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით: მან პრაქტიკულად განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა ყოფილიყო ჩარეული რუსეთი აშშ-ის არჩევნებში და მართალია, ენდობა თავის სპეცსამსახურებს, მაგრამ ამ საკითხში პუტინი ძალზედ დამაჯერებელი ეჩვენა.

ამ გამონათქვამებმა აშშ-ში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. ზოგიერთმა მიმომხილველმა და ყოფილმა ჩინოსანმა ტრამპი ამისათვის საკუთარი ქვეყნის მიმართ მტრულ მოქმედებაშიც კი დაადანაშაულა.

აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, რომ ტრამპს მეორე დღესვე მოუწია განმარტებების კეთება, კერძოდ, იმის თქმა, რომ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევაზე საუბრისას შეცდომით გამოიყენა ერთი სიტყვა მეორეს ნაცვლად, რამაც ნათქვამის შინაარსი საწინააღმდეგოდ წარმოაჩინა. ბუნებრივია, ასეთი განმარტებები, რბილად რომ ვთქვათ, სასიკეთოს ვერაფერს სძენს პრეზიდენტის იმიჯს.

აჟიოტაჟი საოცრად ხანგრძლივი გამოდგა - თითქმის გაუნელებელი ინტენსივობით ერთ კვირას გასტანა და გარკვეულწილად დღესაც გრძელდება. აქედან გამომდინარე, ძალაუნებურად ჩნდება განცდა, რომ ამ მოვლენის ესოდენ ხმაურიან და ნეგატიურ შეფასებას მნიშვნელოვანწილად ხელოვნური და გაზვიადებული ხასიათი აქვს. საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპი თავის მოულოდნელი გაპრეზიდენტების ფაქტით და მკვეთრად განსხვავებული საშინაო და საგარეო პოლიტიკით რადიკალურად დაუპირისპირდა აშშ-ში ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სისტემას, იქ გადახლართული მრავალი ინტერესით, რომელიც მას ახლა მართლაც რომ გააფთრებით ებრძვის.

მოქმედი პრეზიდენტისთვის ამ დაპირისპირებაში ყველაზე მძიმე ფაქტორი ისაა, რომ დემოკრატიული პარტიის მეთაურობით მოქმედი ტრამპის საწინააღმდეგო ბანაკი ლამის ტოტალურად აკონტროლებს ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მედიასაშუალებებს, რომლებსაც მისთვის ნამდვილი ომი აქვთ გამოცხადებული. ამდენად, უნდა ვაღიაროთ რა, რომ ტრამპი სულაც არ არის უნაკლო პოლიტიკოსი და უხეშ შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ მისი ქმედებების განხილვისას, ჰელსინკის სამიტის ჩათვლით, მეტი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს და, ამ თვალსაზრისით, აშშ-ის მედიის, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების პოზიციები კრიტიკულად უნდა შევაფასოთ.

პირველ რიგში, აუცილებელია, სწორად გავიაზროთ თავად ჰელსინკის სამიტის გამართვის მიზნები და მიზეზები, ეს კი მხოლოდ ფართო საერთაშორისო კონტექსტში შეიძლება, მოხდეს. ფაქტია, რომ ეს შეხვედრა ტრამპის მიერაა ინიცირებული და მასა და მის გუნდს ამისათვის სერიოზული საფუძვლები გააჩნდათ.

გავიხსენოთ, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა მის მიერ გამოცხადებული საარჩევნო ლოზუნგით „Make Amerika Great Again“ (“დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე“) მიმდინარეობს და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ამ ლოზუნგიდან გამომდინარე, ტრამპის სტრატეგია გულისხმობს აშშ-ის საშინაო და, შესაბამისად, საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სერიოზულ გადახალისებას აშშ-ის ეკონომიკის ე.წ. რეალური სექტორის ტრადიციული, მსხვილი დარგების აღორძინებისა და საერთაშორისო ვაჭრობის პოზიციების გაძლიერება-განმტიცების გზით. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს აშშ-დან გასული წარმოებების დაბრუნებას და მომდევნო გაზრდა-გამრავლებას შესაბამისი სატარიფო, საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობით, ასევე საგარეო-სავაჭრო ბალანსის მკვეთრ გაუმჯობესებას. ამ უკანასკნელის კონტექსტში კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საგრძნობი ადგილი უკავია ენერგომატარებლების წარმოებისა და მისი ექსპორტის მკვეთრ ზრდას.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპმა ამ ნაბიჯების გადადგმა გაპრეზიდენტებისთანავე პრაქტიკულად გადაუდებლად დაიწყო. ამან საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში უკვე მოუტანა აშშ-ს საგრძნობი შედეგები, რაც აშშ-ის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საკმაოდ ცხადად აისახება.

ბუნებრივია, ამგვარი გრანდიოზული ეკონომიკური ძვრები გარდაუვლად ითრევს აშშ-ის საერთაშორისო-პოლიტიკურ დღის წესრიგს. აშშ დღეს სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული საერთაშორისო არენაზე თავისი როლისა და გავლენის გაზრდით, რომელიც საგრძნობლად შეირყა წინამორბედი ორი ადმინისტრაციის პირობებში. იმისათვის, რომ აშშ-მა თავისი საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებით გაატაროს, უპრეცედენტოდ აბურდული საერთაშორისო მდგომარეობა სერიოზულ დალაგებას მოითხოვს და ტრამპი ამ მიზნით მრავალსვლიან და მრავალგანზომილებიან საერთაშორისო კომბინაციას ათამაშებს. სწორედ ამ კომბინაციის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჰელსინკის სამიტი.

თამაში გლობალურია და პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, მაგრამ ძირითადი ინტრიგა მაინც გლობალური ჯაჭვის ხუთი რგოლის გარშემო ტრიალებს. ესენია აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, რუსეთი და ახლო აღმოსავლეთი.

უშუალოდ ჰელსინკის შეხვედრის წინ ტრამპმა მეტად საინტერესო ინტერვიუ მისცა ტელეარხ CBS-ს. ჟურნალისტის კითხვას, ვინ არიან, პრეზიდენტის აზრით, ამერიკის მტრები საერთაშორისო არენაზე, ტრამპმა მოულოდნელი პასუხი გასცა. თავის ჩამონათვალში მან ახსენა ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი, - სწორედ ამ თანმიმდევრობით. ევროკავშირი, ტრამპის აზრით, მტრობს აშშ-ს მის მიმართ უკიდურესად დისკრიმინაციული სავაჭრო პოლიტიკით: სარგებლობს რა აშშ-ის ბაზრისღაიობითა და დაბალი ტარიფებით, ის სერიოზულ სატარიფო და სხვა სახის ბარიერებს უქმნის ამერიკულ პროდუქტებს საკუთარ ბაზარზე. ამავე დროს, აშშ-ს ზურგს უკან ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები მეტად ინტესიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში იმყოფებიან იმ სახელმწიფოებთან, რომელთა წინააღმდეგაც მათ აშშ-სთან ერთად თითქოსდა კონსოლიდირებული კონფრონტაციული პოლიტიკა აქვთ. იგულისხმებიან, პირველ რიგში, რუსეთი და ირანი. ჩინეთი, ტრამპის აზრით, ასევე აშშ-ის მტერია ძირითადად ეკონომიკური თვალსაზრისით: მისი დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს. რუსეთის მტრობის გამოვლინება კი, უნდა ვიგულისხმოთ, გამოიხატება მისი შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების აქტიური დესტრუქციული ჩარევით აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მისთვის მნიშვნელოვან რეგიონებში, ამერიკის ტრადიციულ მტრებთან თანამშრომლობით და, ბუნებრივია, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებით ბოლო დროს ხელების აქტიური და უხეში ფათურით.

თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ახსენებს რა ამ სამ ძლიერ მოთამაშეს მტრებად, ტრამპი იქვე აზუსტებს, რომ ეს ტერმინი - „მტერი“ პირობითია და ისინი უფრო კონკურენტებად უნდა იქნენ განხილულნი, რადგან ყველა, აშშ-სთან ერთად, ჩართულია გლობალურ თამაშში საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად. სწორედ აქ იკვეთება ტრამპის საერთაშორისო პოლიტიკის სპეციფიკა და სტილი. მისი მიდგომები მაქსიმალურად დეიდეოლოგიზებულია და განმსჭვალულია ბიზნესმენისათვის დამახასიათებელი პრაგმატიზმით. ტრამპი ხალისიანად შედის გლობალურ დაპირისპირებაში თავის მოწინააღმდეგებთან და, ამავე დროს, მუდმივად ხაზს უსვამს საკუთარ პატივისცემას მათ, როგორც კონკურენტების, მიმართ და აფიქსირებს თავის მზადყოფნას ურთიერთმისაღები წონასწორობის დასამყარებლად.

ამგვარი მიდგომა რუსეთის მიმართ კარგად გამოჩნდა ტრამპის რიტორიკაში ჰელსინკის სამიტზე. საინტერესოა, უკეთ გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს ტრამპის რეალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში.        

მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტის ოპონენტები მას ღია ტექსტით აშშ-ის ღალატში ადანაშაულებენ და ჰელსინკის პრესკონფერენციას თავისი „კატასტროფული“ შედეგით ადარებენ ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა ჰოლოკოსტი, პერლ ჰარბორი და 11 სექტემბერი, ტრამპი მათ მშვიდად პასუხობს, რომ თუ შევაფასებთ ფაქტებს, ის რუსეთის მიმართ ყველაზე ხისტი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში. უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებით მისი წინამორბედის - ბარაკ ობამას პოლიტიკის ფონზე რუსეთის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი ნაბიჯები მართლაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. აი მათი ძალზედ არასრული ჩამონათვალი:

-         2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და სხვა დესტრუქციული მოქმედებების პასუხად ტრამპის ადმინისტრაციამ დააწესა სპეციალური სანქციები რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან აფილირებული სტრუქტურების მიმართ;

-         შეიარაღების გაუვრცელებლობის რეგულაციების დარღვევის გამო, რაც გამოიხატა ირანისა და სირიისთვის იარაღის მიწოდებასა და ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერაში, 2017 და 2018 წლებში აშშ-მა მიმართა სანქციები რუსეთის რიგი კომპანიების წინააღმდეგ;

-         ყირიმის ოკუპაციისა და უკრაინის დესტაბილიზაციის საპასუხოდ ტრამპის ადმინისტრაციამ დააწესა სანქციები  რუსეთის  ასზე მეტი ფიზიკური პირის, ბანკებისა და კომპანიისათვის. ამ კუთხით რუსული ბანკებისთვის გრძელი და საშუალოვადიანი კრედიტების გადაკეტვა უმძიმეს დარტყმას წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკისთვის;

-         დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებით ჩადენილი ტერორისტული აქტის გამო ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა რუსეთის გენერალური საკონსულო სან-ფრანცისკოში, საკონსულო სიეტლში, ორი დიპლომატიური წარმომადგენლობა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში და ქვეყნიდან გააძევა 60 რუსი დიპლომატი;

-         აშშ-მა განახორციელა ძალზედ მტკივნეული ნაბიჯები რუსეთის ენერგოგიგანტების, პირველ რიგში "გაზპრომისა" და "როსნეფტის" მიმართ, გადაუკეტა რა ამერიკულ და გარკვეულწილად არაამერიკულ კომპანიებს მათთან თანამშრომლობა გაზისა და ნავთობის ოფშორულ მოპოვებასთან დაკავშირებულ სამუშაოებში;

-         დონალდ ტრამპმა გააუქმა ობამას მიერ დაწესებული აკრძალვა საქართველოსა და უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვაზე, რის შედეგადაც ამ ორმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მეტად მნიშვნელოვანი ანტისატანკო შეიარაღება შეიძინა;

-         ტრამპის ბრძანებით აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უმძიმესი სამხედრო დარტყმები მიაყენეს რუსეთის მოკავშირე სირიის ოდიოზური რეჟიმის ჯარებსა და კერძო კომპანიების სტატუსით შენიღბულ უშუალოდ რუსეთის ქვედანაყოფებს სირიაში და ა.შ.

უნდა ითქვას, რომ ამ ნაბიჯებმა უკვე საკმაოდ საგრძნობი პრობლემები შეუქმნა რუსეთის ეკონომიკასა და რიგით მოქალაქეებს, რასაც უკვე რუსეთის ოფიციოზიც ვერ მალავს.

თავად ტრამპი, როცა ამბობს, რომ რუსეთისთვის აშშ-ის ყველაზე ხისტი პრეზიდენტია, ძირითადად სამ ფაქტორს უსვამს ხაზს: 1. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება; 2.აშშ-ის გადაორიენტირება ნავთობისა და გაზის ექსპორტზე და 3. ნატოს გაძლიერება ევროპელი მოკავშირეების იძულებით, რათა მათ გაზარდონ თავისი შენატანი ნატოს დაფინანსების კუთხით.

ბოლო ორი პუნქტი საინტერესო ურთიერთკავშირშია. ტრამპი არ თაკილობს, ღია ტექსტით ისაუბროს იმაზე, რაც უსამართლოდ მიაჩნია და თან ამ ლოგიკაში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ინტერესები ჩააქსოვოს. ბრიუსელში ვიზიტისას მან პირდაპირ განუცხადა ნატოს გენმდივანსა და გერმანიის კანცლერს, რომ ნატო შექმნილია ევროპის დასაცავად რუსეთის სამხედრო საფრთხისაგან და, შესაბამისად, დაუშვებელია, რომ ამ მისიის დანახარჯების 90 პროცენტი გადადიოდეს აშშ-ის კისერზე, თანაც იმ პირობებში, როცა იგივე ევროპული ქვეყნები, უკვე ევროკავშირის ფორმატში, აშშ-ის წინააღმდეგ უკიდურესად დისკრიმინაციულ სავაჭრო პოლიტიკას ატარებენ. ამავე დროს, მრავალი მათგანი, პირველ რიგში კი გერმანია ბუნებრივი აირის გიგანტურ შესყიდვებს ახორციელებენ რუსეთისაგან.

ტრამპის ლოგიკა მარტივი და გასაგებია: ევროპა უზარმაზარ ფულს უხდის რუსეთს, რომელიც მას თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდას ახმარს. ამის შედეგად წარმოქმნილი საფრთხის გასანეიტრალებლად და ევროპის რუსეთისგან დასაცავად ფული აშშ-მა უნდა იხადოს. ტრამპი მოითხოვს ევროპის ქვეყნებისგან, ერთის მხრივ, გაზარდონ საკუთარი შენატანი ნატოს დაფინანსებაში და, მეორეს მხრივ, აშშ-ის თხევად აირს რუსეთის აირთან მიმართებაში უპირატესობა მიენიჭოს. პირველ რიგში, ეს მოთხოვნა ეხება გერმანიას. ტრამპის აზრით, ამ ქვეყანამ უარი უნდა თქვას რუსული აირის მოწოდების დიდ პროექტზე „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“. აშშ-ის მასშტაბურ შეღწევას ევროპის გაზმომარაგების სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მომავლისათვის, რადგან "ჩრდილოეთის ნაკადი - 2"-ის განხორციელების შემთხვევაში უკრაინისა და ბელარუსის ბუნებრივი აირის სატრანზიტო ინფრასტრუქტურას ფუნქცია ეკარგება, რასაც უკრაინისთვის უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები ექნება. ამდენად, აშშ-ის შეღწევა ევროპის გაზმომარაგებაში უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

მეტად ღირსშესანიშნავია, რომ თავის ამ პოლიტიკაში, ევროპელი პოლიტიკოსების უმწვავესი კრიტიკისა და წყევლა-კრულვის ფონზე ტრამპი თავისას მაინც აღწევს: მან უკვე გააზრდევინა ევროპელ მოკავშირეებს ნატოს დაფინანსების შენატანი 44 მილიარდით და ეს ციფრი ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

საყურადღებოა, რომ ნატოს რიგი ევროპელი წევრი სახელმწიფოების ლიდერთა გაღიზიანების ფონზე ამ ალიანსის გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, რომელიც, პირველ რიგში, ნატოს ინსტიტუციურ ინტერესებს გამოხატავს, არ მალავდა კმაყოფილებას ტრამპის მიერ ბრიუსელის სამიტზე ევროპელ წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამო. სტოლტენბერგმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ ტრამპის პრინციპულმა პოზიციამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ალიანსზე და ის საგრძნობლად უფრო ძლიერი გახადა. ყველასათვის ცხადია ასევე, რომ ტრამპის მეცადინეობით აშშ-ის ბუნებრივი აირი აუცილებლად შეაღწევს ევროპის ბაზარზე და საგრძნობლად ჩააჩოჩებს იქიდან რუსეთს. ბუნებრივია, ეს თემა უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ცენტრალური ტრამპი-პუტინის შეხვედრაზეც და, უფრო მეტიც, ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც.

ბუნებრივ აირთან ერთად, სამიტის ცენტრალურ თემას, ცხადია, ახლო აღმოსავლეთიც წარმოადგენდა. ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში ობამასაგან მკვეთრად განსხვავებული ახლოაღმოსავლური დღის წესრიგით მოვიდა. აწეწილი სირიის ფონზე ბარაკ ობამამ თავისი საპრეზიდენტო ვადა რეგიონის უმნიშნელოვანეს მოთამაშესა და პრობლემასთან - ირანთან მკვეთრი დათბობით დაასრულა, რასაც ევროპელებთან ერთად მიაღწია. ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება გზას უხსნიდა ამ სახელმწიფოს  თავისი უზარმაზარი ენერგორესურსებით მსოფლიო ეკონომიკაში მასშტაბურ ჩართვაში. ირანის იზოლაცია თითქოსდა დასასრულს მიუახლოვდა. ცხადია, ამ კონფიგურაციაში შესაბამისი ფორმით იყო ჩასმული ობამას ადმინისტრაციისა და ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესები. შემთხვევითი არ გახლდათ, რომ ირანთან დათბობის კონტექსტში მკვეთრად გაიზარდა ისრაელის კრიტიკა და მასზე ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან. ამასთან, თელ-ავივმა ერთგვარი გაცივება და სიმკაცრე თავად ვაშინგტონისგანაც იგრძნო.

ტრამპის გუნდის მიდგომა ამ საკითხისადმი პრინციპულად განსხვავებული იყო. ის თვლიდა, რომ დადებული ხელშეკრულება გარანტირებულად არ უზრუნველყოფს ირანის არაბირთვულ სტატუსს და დროთა განმავლობაში ეს სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში მეტად საშიშ ბირთვულ მოთამაშედ და ჰეგემონად გადაიქცეოდა, რუსეთთან თანამშრომლობითა და სირიაზე დაყრდნობით მინიმუმადე დაიყვანდა აშშ-ის პოზიციებს რეგიონში და მომაკვდინებელი საფრთხეს შეუქმნიდა აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირე ისრაელს.

სწორედ ამიტომ ტრამპის პირველივე მსხვილი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთს უკავშირდება. 2017 წლის განმავლობაში ის მართავს დიდ ტურნეს რეგიონში, გამოდის ირანის ბირთვული ხელშეკრულებიდან და აახლებს მისი იზოლაციისა და მკვეთრი ზეწოლის პოლიტიკას. პარალელურად ტრამპი მკვეთრად აძლიერებს სამხედრო აქტივობას და უმძიმეს დარტყმას აყენებს "ისლამურ სახელმწიფო"ს, რომელიც მის მიერ, როგორც მინიმუმ, ერაყსა და სირიაში, უკვე პრაქტიკულად განეიტრალებულია. აშშ-ის სამხედრო მოქმედებების შედეგად არ დაადგა კარგი დღე ასადის რეჟიმს და მის მოკავშირე რუსეთსაც.

ტრამპის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია მისი ეგიდით ისრაელისა და სუნიტური სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება ირან-რუსეთ-სირიის წინააღმდეგ. ეს მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.

საგრძნობლად განიმტკიცა რა თავისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, ტრამპმა ამ თემაზე სალაპარაკოდ პუტინი ჰელსინკიში მიიწვია. თავის დროზე პუტინმა კარგად იცოდა, რომ სირიაში ომის გაჩაღების შემდეგ რეგიონში ახალი კონფიგურაციის დალაგების პროცესი დაიწყებოდა. სწორედ ამიტომ შეიყვანა მან ჯარები სირიაში, ამ რეგიონში რუსეთი ანგარიშგასაწევ მოთამაშედ დაამკვიდრა და სამომავლოდ სავაჭრო პოზიციები გაიმაგრა.

ვაჭრობის მომენტიც დადგა და, როგორც ჩანს, ეს ვაჭრობა ჰელსინკიში გარკვეულწილად უკვე დაიწყო. შემთხვევითი როდია, რომ ორმა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში პოზიციების დაახლოება გააჟღერა. რაც ძალიან საინტერესოა, ტრამპმა ისიც კი განაცხადა, რუსეთს ისრაელთანაც აქვს ინტერესთა სერიოზული თანხვედრა, ხოლო პუტინი ბიბი ნეთანიაჰუს ფანიაო.

ბუნებრივია, ეს მოვლენები ვაჭრობის პროცესში გადაბმულია ევროპის გაზმომარაგების თემასთან, რუსეთის მიმართ სანქციებთან და საერთაშორისო დღის წესრიგის მრავალ სხვა საკითხთან, მათ შორის - ჩინეთის ფაქტორთანაც. მართალია, აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე პუტინი ჩინეთთან ფლირტს ცდილობს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-რუსეთ-ჩინეთის სამკუთხედში ჯერჯერობით უფრო აშშ-რუსეთის ინტერესთა თანხვედრა იკვეთება, ვიდრე რუსეთ-ჩინეთის, რადგან ჩინეთი დღეს აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგეა საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკურ არენაზე, ხოლო რუსეთისთვის ის უკვე ძალზედ არაკომფორტულ, ძლიერ, მომთხოვნ და სახიფათო მეზობლად გადაიქცა თავისი ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსიით. ამდენად, ტრამპს სულაც არ აწყობს რუსეთის რადიკალური დასუსტება, რადგან შორეული აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის ექსპანსიისა და გაძლიერების შეკავებას, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთის დახმარებით აპირებს.

ეს კონფიგურაცია ერთ კონკრეტულ მაგალითზეც ჩანს კარგად. 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად დასავლეთთან მკვეთრ დაპირისპირებაში შესულმა პუტინმა სიტუაციის დასაბალანსებლად ჩინეთისთვის იაკუტური ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბური პროექტის - „ციმბირის ძალის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული გაჭიანურებული მოლაპარაკებების პროცესის ფორსირება მოახდინა. ჩინეთმა მშვენივრად ისარგებლა რუსეთის რთული მდგომარეობით და მას თავს კაბალური, სამარცხვინო პირობები მოახვია. ცხადია, რაც კაბალურია რუსეთისთვის, ძალიან კარგია ჩინეთისთვის და, შესაბამისად, ცუდია აშშ-ისთვის. ამდენად, თუ აშშ-სთან ერთგვარი დალაგების შედეგად რუსეთს გაეხსნება ხელ-ფეხი ჩინეთისთვის აირის მიწოდების პირობების გადასახედად, ვაშინგტონი ამას მხოლოდ მიესალმება.

ყოველივე ზემოთ თქმული რომ შევაჯამოთ, ტრამპსა და პუტინს ბევრი ექნებოდათ სალაპარაკო ჰელსინკიში. შემთხვევითი არაა, რომ მათი შეხვედრა დაგეგმილი 90 წუთის ნაცვლად 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ტრამპმა დაასრულა თავისი მრავალსვლიანი საერთაშორისო კომბინაციის ეტაპი და მომზადებული პოზიციებით აღჭურვილმა პუტინი სალაპარაკოდ დაიბარა. ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს. სავარაუდოდ, ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ პოზიციების მონიშნვა და მოსინჯვა აუცილებლად მოხდებოდა. ტრამპს ახლა სჭირდება პუტინის კონსტრუქციულობა ახლო აღმოსავლეთში, თავისი წილი ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარზე და ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთთან კოორდინირებული თამაში. შესაძლოა, ამ ჩამონათვალში უკრაინის საკითხიც მოხვდეს.

ტრამპი შეხვედრაზე მათრახითა და თაფლაკვერით ჩავიდა. მათრახი - ეს, პირველ რიგში, სანქციებია და ამ კონტექსტში ძალიან დიდ როლს თამაშობს ის, რომ ეს სანქციები სახელმწიფოს გარდა, უკვე უშუალოდ პუტინისა და მისი კლანის პირად ფინანსურ ინტერესებსაც შეეხო. ამდენად, ნეგატიური ინსტრუმენტების თვალსაზრისით, ტრამპს პუტინის მოტივირებისთვის მშვენიერი არსენალი გააჩნია. თაფლაკვერის სახით კი მას შეუძლია, პუტინს ამავე სანქციების მოხსნა, ევროპის გაზმომარაგებაში რუსეთისთვის მყარი წილის გამოყოფა, ჩინეთთან რუსეთის პოზიციების დაბალანსება და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სახის შენარჩუნება შესთავაზოს. შემთხვევითი არ იყო, რომ პრესკონფერენციის დროს ტრამპი ყველანირად ცდილობდა, მიეცა პუტინისთვის თავის ძლიერ მოთამაშედ  წარმოჩენის საშუალება და თავადაც საკმაოდ უხვად აქებდა მას. ამ მცდელობაში ტრამპი ისე გაისარჯა, რომ მის მოწინააღმდგეებსა და კრიტიკოსებს მიეცათ შესაძლებლობა, სამიტი პუტინის ტრიუმფად და ტრამპის მარხცადაც კი გაესაღებინათ.

ბუნებრივია, პრესკონფერენციაზე უხვად იყვნენ წარმოდგენილნი ტრამპის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის ანგაჟირებული ჟურნალისტები. ამ ბანაკისთვის ტრამპის ახალი საერთაშორისო პოლიტიკა მათ მიერ ათწლეულების მანძილზე ნაშენები პოლიტიკური და ეკონომიკური სქემების ნგრევას ნიშნავს, თუმცა თავისი არსით ეს ახალი პოლიტიკა საკმაოდ საინტერესოდ და მიმზიდველად გამოიყურება აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. ამიტომაც ჟურნალისტებმა მთელი აქცენტი ისეთ საჩოთირო, მაგრამ, პრინციპში, მეორეხარისხოვან თემაზე გადაიტანეს, როგორიცაა, მაგალითად, პუტინის ჩარევა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ისარგებლეს ტრამპის ერთგვარი დიპლომატიური მოუქნელობით და თავის საწადელსაც მიაღწიეს. მათ მიერ დათესილი ქარი კი უკვე ვაშინგტონში სტარტზე მყოფმა ტრამპის მოწინააღმდეგე მთელმა პოლიტიკურმა და მედიაისტებლიშმენტმა აიტაცა და ქარიშხლად გადააქცია. შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპმა სინანულით ისიც კი განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, ახლო აღმოსავლეთს და ა.შ. ეხებოდა, ჟურნალისტებმა კი არჩევნებში ჩარევაზე და რაღაც სისულელეებზე ალაპარაკეს, თითქოს ეს იყო მთავარიო.

ერთი სიტყვით, შეიძლება, ითქვას, რომ ჰელსინკის სამიტის შინაარსობრივი ნაწილი ტრამპმა და მისმა გუნდმა, სავარაუდოდ, კარგად მომზადებულად და გარკვეულწილად, ალბათ, შედეგიანადაც ჩაატარეს. შეხვედრის პიარ-ნაწილში მან ერთგვარი მარცხი განიცადა და ეს, მასზე შეგნებულ შეტევასთან ერთად, მის მიერ დაშვებულ შეცდომებსაც უკავშირდება.

რა შეცდომებია ეს? პირველ რიგში, რაც არ უნდა კრიტიკულად იყოს განწყობილი პრეზიდენტი თავის წინამორბედთა მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ, უბრალოდ დაუშვებელია, მოწინააღმდგე სახელმწიფოსთან ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას ის საკუთარ ქვეყანას აბრალებდეს და თანაც უშუალოდ მაღალი დონის შეხვედრის წინ. ეს არის უაღრესად უხეში პოლიტიკური შეცდომა და წარმოუდგენელი ნონსენსი. ცხადია, ასეთი შეხვედრის დროს მიზანშეწონილია კონსტრუქციულობის ხაზგასმა და თავისი ვიზავის მიმართ გარკვეული კეთილგანწყობის გამოხატვა, მაგრამ მაშინ, როცა პრაქტიკულად საერთაშორისო ხულიგანთან და ყველა საერთაშორისო და ჰუმანიტარული ნორმის ოფიციალურ დამრღვევთან გაქვს საქმე, ხოლო შენ მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოს წარმოადგენ, აქ გადამეტება უბრალოდ დაუშვებელია. დიდი შეცდომა იყო ორაზროვნი დამოკიდებულების გამომჟღავნება საკუთარი სპეცსამსახურების ინფორმაციის მიმართ პუტინის პოზიციის დამაჯერებლობის ხაზგასმით. აუცილებელი იყო, თუნდაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც პუტინის გარკვეული კრიტიკის გაჟღერება მისი დანაშაულებრივი პოლიტიკისთვის, რაც ტრამპმა არ გააკეთა. და ბოლოს, ორმხრივი უმაღლესი დონის შეხვედრის პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მიერ თავისი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ თემებზე, წინამორბედებზე და სხვა პოლიტიკოსებზე მწვავედ კრიტიკული საუბარი უბრალოდ დაუშვებელი და ცუდი პოლიტიკური ტონია.

შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჰელსინკის სამიტი მეტად საინტერესო საერთაშორისო მოვლენა გახლდათ, რომლმაც მრავალი ინტრიგა დაგვიტოვა და მას უსათუოდ ექნება სერიოზული გავლენა მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებზე. მასთან დაკავშირებული პერიპეტიების განხილვისას ალბათ, გიჩნდებათ შეკითხვა: სად და როგორ არის ამ ყველაფერში წარმოდგენილი საქართველოს ადგილი?

როგორც იტყვიან, კარგი შეკითხვაა...

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“