აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პოლონეთი უვიზო რეჟიმის პროგრამას უახლოეს კვირებში შეუერთდება. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდას ორმხრივი შეხვედრისას განუცხადა. მოლაპარაკებები ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა აცნობა პრეზიდენტ დუდას, რომ ის ელოდება პოლონეთის უვიზო რეჟიმის პროგრამაში შესვლის გამოცხადებას უახლოეს კვირებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად დონალდ ტრამპმა ანჟეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი უკვე დამტკიცებულია.

„სავიზო რეჟიმის გაუქმება მზადდება; ის უკვე დამტკიცებულია. ახლა ჩვენ ამას მექანიკურად ვაკეთებთ, რათა გავაკეთოთ ეს რაც შეიძლება მალე, რომ პოლონეთში და აშშ-ში ჩასვლა ბევრად მარტივი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იქ ჩასვლა სურთ. ვფიქრობ, ამის გაკეთება პრეზიდენტისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მან ამის გაკეთება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რთული სამუშაო, მან ამის გაკეთება შეძლო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დონალდ ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების განთავსებას გეგმავს. მისი თქმით, ის სამხედროებს პოლონეთში ევროპის რომელიმე ქვეყნიდან გადაიყვანს.

ამასთან, როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამია, აშშ-ის ლიდერმა პოლონელ კოლეგასთან გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის 2-ის“ საკითხი განიხილა.  ორივე პრეზიდენტი თანხმდება, რომ აღნიშნული პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ანჟეი დუდამ და დონალდ ტრამპმა ამ პროექტისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზებზე ისაუბრეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი