რაში დასჭირდა რუსეთს აფხაზური ე.წ ჯარის მოდერნიზება

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 სექტემბერს მხარი დაუჭირა შეთანხმებას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზების დაფინანსების თაობაზე. მან გაიზიარა მთავრობის წინადადება დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ და შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

აფხაზური ე.წ შეიარაღებული ძალების დაარსების დღედ 1992 წლის 11 ოქტომბერი ითვლება. სწორედ მაშინ „აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ” ვლადისლავ არძინბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ჩამოყალიბების შესახებ.

2016 წლის ნოემბერში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებულ აფხაზეთთან ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის თანახმად, ერთობლივი რუსულ–აფხაზური ძალები საფრთხის შემთხვევაში ან საომარ პერიოდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული სარდლის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდნენ. 

იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია სადღეისოდ აფხაზური ე.წ. ჯარი და რაში სჭირდება მოსკოვს მსგავსი დანახარჯები, რუსული გამოცემა «Газеты.Ru» ვრცელ მასალაში მოგვითხრობს.

მისი მონაცემებით, სახმელეთო ჯარები საორგანიზაციო თვალსაზრისით 3 სამხედრო ოლქად იყოფა: ცენტრალური (სოხუმი); აღმოსავლეთის  (ოჩამჩირე) და დასავლეთის (ბიჭვინთა).

ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციის შემთხვევაში რეზერვისტებისგან შეიძლება, ჩამოყალიბდეს სარეზერვო ბრიგადები, რომელთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.

რუსული გამოცემის ინფორმაციით, აფხაზური ე.წ. არმიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა 2100-2200 ადამიანს შეადგენს, მაშინ, როდესაც მთელი მოსახლეობის რაოდენობა სადღეისოდ 242 000–ია.

მისივე ცნობით, აფხაზური ე.წ. შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია 3 მოტომსროლელი ბრიგადა (თითოეულში 3–4 მოტომსროლელი და 1 სატანკო ბატალიონი), ასევე ცალკეული ქვედანაყოფები: საარტილერიო პოლკი, საინჟინრო, სამთო–მსროლელი, სადაზვერვო ბატალიონები; სპეცდანიშნულების ცალკეული ჯგუფები; ჯარების ცალკე სახეობად მოიაზრება სამხედრო ავიაცია და სამხედრო–საზღვაო ძალები.

Газеты.Ru»–ს ინფორმაციით, აფხაზური ე.წ ჯარის სახმელეთო შენაერთებს შემდეგი შეიარაღება  და სამხედრო ტექნიკა გააჩნიათ: 9 ტანკი T-72; 50 ტანკი T-55A (სხვა მონაცემებით 10–მდე ერთეული Т-72 და 23 ერთეული Т-55);  92 ერთეული საარტილერიო ქვემეხი და ნაღმმტყორცნი (მათ შორის 85მმ–იანი ზარბაზანი Д-44, 122მმ–იანი ჰაუბიცა Д-30, 82 მმ–იანი და 120 მმ–იანი ნაღმმტყორცნები); ზალპური ცეცხლის 14 ერთეული რეაქტიული სისტემა БМ-21 და გრადი, 96 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა (БМП-1 — 45, БМП-2- 25, БРДМ-2 — 11, МТ-ЛБ — 4), ასევე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები «Малютка», «Фагот», «Конкурс».

გარდა ამისა, გამოცემის მონაცემებით, აფხაზურ ე.წ ჯარს გააჩნია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის  შემდეგი საშუალებები: საზენიტო თვითმავალი დანადგარი (ЗСУ-23-4) «Шилка» (5 ერთეული), 23 მმ–იანი ქვემეხები (ЗУ-23-2 4 ერთეული), გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები «Стрела» და «Игла» (215 «Стрела-2», 35 «Игла»),  3–დან  7 ერთეულამდე საზენიტო ქვემეხი С-60 (57-მმ) და 14 ერთეულამდე КС-19 (100-მმ), რომელიც საზენიტოზე მეტად საველედ და სანაპიროდ გამოიყენება. 

აფხაზური ე.წ არმიის სამხედრო ავიაცია, «Газеты.Ru»–ს ინფორმაციით, ძალზე მცირერიცხოვანია, მის განკარგულებაშია შემდეგი საფრენი აპარატები: 1 მოიერიშე Су-25; 5 ერთეული (სხვა მონაცემებით 2) სასწავლო–საბრძოლო მანქანა Л-39 ( ჩეხური წარმოების სასწავლო–საწვრთნელი თვითმფრინავი) მსუბუქი მოიერიშეს ვარიანტში ბაბუშერას აეროპორტის ტერიტორიაზეა ბაზირებული;  2 ერთეული АН-2 და 1 ერთეული Як-52 სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციას წარმოადგენს; 4 ერთეული სატრანსპორტო–საბრძოლო ვერტმფრენი Ми-8; 2 საბრძოლო ვერტმფრენი Ми-24П.

აფხაზური სამხედრო–საზღვაო ძალები 3 დივიზიონად იყოფა. შტაბი სოხუმის „მაიაკის“ მიდამოებში მდებარეობს. ფლოტის ძირითადი ბაზებია სოხუმი, ოჩამჩირე, ბიჭვინთა. შემადგენლობის რაოდენობა 700–ზე მეტი ადამიანია. სამხედრო–საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიან საზღვაო კატერების პირველი დივიზიონი (სოხუმი), მეორე დივიზიონი (ბიჭვინთა) და მესამე დივიზიონი (ოჩამჩირე).

აფხაზური სამხედრო–საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა ბატალიონის რიცხოვნობა 350–400 ადამიანს შეადგენს. მის შეიარაღებაშია ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2, დაზგის ყუმბარმყორცნები СПГ-9, 100 მმ–იანი  საზენიტო ზარბაზნები КС-19, დაზგის ყუმბარმყორცნები АГС-17, ნაღმმტყორცნები, ავტომატები АК-74 და პისტოლეტები ПМ.

აფხაზური ე.წ. სამხედრო-საზღვაო ძალების სისტემაში შედიან ასევე სანაპირო დაცვის ქვედანაყოფები და შემდეგი სპეცდანაყოფები: სანაპირო დაცვის 3 ბატარეა (85მმ–იანი  ქვემეხი Д-44 и 100მმ–იანი საზენიტო ქვემეხი КС-19), ჯავშანმატარებელი 3 ქვემეხით და დანადგარ НУРС–ით, სპეცდანაყოფები:  «Ночные ангелы» და «Боевые пловцы», 3 სტაციონარული რადიოსალოკაციო დანადგარი.

აფხაზური ე.წ. სამხედრო–საზღვაო ძალების აღჭურვილობაშია ასევე პროექტ 1204–ის საარტილერიო კატერები «Шмель»  (3 ერთეული, 1 – რეზერვში), პროექტ 1400–ის სასაზღვრო საყარაულო კატერები «Гриф», პროექტ 1432–ის კატერი წყალქვეშა ფრთებზე «Невка» (3 ერთეული), პროექტ 343МЕ–ს კატერი წყალქვეშა ფრთებზე «Волга» (4 ერთეული), პროექტ 1390–ის კატერები «Стриж» (2 ერთეული), პროექტ 371–ის სატრანსპორტო კატერები «Адмиральский» (2 ერთეული).

როგორც რუსული გამოცემა აღიშნავს, აფხაზური ე.წ. შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია.

მისივე მონაცემებით, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მე–7 სამხედრო ბაზააა (ყოფილი 131–ე მოტომსროლელი ბრიგადა) დისლოცირებული. მის შეიარაღებაშია 41 ერთეული ტანკი Т-72, 4 ერთეული ჯავშან-სადაზვერვო მანქანა БРДМ-2, 15 ერთეული  მრავალმიზნობრივი მსუბუქი დაჯავშნული ტრანსპორტიორი МТЛБ, 26 ერთეული  ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80А, 129 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82АМ, 36 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი САУ 2С3 (152მმ), 6 ჰაუბიცა Д-30 (122 მმ), 24 ნაღმმტყორცნი 2Б14 და 18 ნაღმმტყორცნი 2С12, ზალპური ცეცხლის 21 ერთეული რეაქტიული სისტემა РСЗО, 12 ერთეული თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ПТРК «Штурм-С», 12 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი МТ-12 (100 მმ), საზენიტო სარაკეტო კომპლექს С 300-ის ორი დივიზიონი ( 16 გამშვები დანადგარი ), მცირე სიშორის 18 ერთეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (12 «Оса», 6 «Стрела-10»), 27 ერთეული გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი  «Игла», 6 ერთეული საზენიტო სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი «Тунгуска».

„მთლიანობაში, მ–7–ე სამხედრო ბაზის პოტენციალი მნიშვნელოვნად აღემატება თავად აფხაზეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალს და შეიძლება, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო და რაოდენობრივ პოტენციალს შევადაროთ. შესაბამისად, სწორედ რუსეთი უზრუნველჰყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას. პრაქტიკულად, აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან დროს გაძლიერებულ მოტომსროლელ პოლკს წარმოადგენს, ამიტომაც მსგავსი ჯარის მოდერნიზების ხარჯები შედარებით მცირე იქნება და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს დიდად არ დააწვება. აი,  მსგავსი ნაბიჯის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა კი ყველა შესაძლო ზარალს მნიშვნელოვანად აჭარბებს“, – განუცხადა გამოცემას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ–ლეიტენანტმა ვალერი ზაპარენკომ.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ ე.წ. აფხაზური არმიის მოდერნიზების გადაწყვეტილებაში უფრო პოლიტიკური მოტივია ჩადებული.

„ე.წ აფხაზური არმიის რიცხოვნობა დაახლოებით 2000 ადამიანია, რაც რეალურად, რუსული მოტომსროლელი ბრიგადის შემადგენლობის რაოდენობაზე ნაკლებია. რაც არ უნდა მოდერნიზაცია ჩაუტაროს ამ ე.წ. არმიას ვინმემ, მისი საბრძოლო შესაძლებლობები დიდად არ გაიზრდება. პრინციპში, ეს მათ არც სჭირდებათ, რადგან ვიცით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მეშვიდე ბაზაა განთავსებული თავისი ძლიერი შეიარაღებით. გარდა ამისა, 2015 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მოხდა ერთგვარი ერთობლივი დაჯგუფების შექმნა ამ რუსული სამხედრო ბაზისა და ადგილობრივი აფხაზური არმიის დანაყოფების სახით. მიმაჩნია, რომ აქ უფრო პოლიტიკური მოტივია ჩადებული: უკუპირებულ აფხაზეთში ახლახანს ჩატარდა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და გაამარჯვებინეს ისევ ხაჯიმბას, რამაც ადგილობრივი აფხაზების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და მოდერნიზების დაფინანსების თაობაზე პუტინის ბრძანებულება ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჯია კრემლისგან - აი, ჩვენ ვუჭერთ მხარს ხაჯიმბას და პირველ რიგში, ვაძლიერებთ ე.წ. არმიასო.  ამას შეიძლება, მოჰყვეს პრეზიდენტ პუტინის სხვა დადგენილებებიც.  მაგალითად. ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მიმართულებით დახმარებაზე,  სკოლების დახმარებაზე და ა.შ.“ - განუცხადა «აქცენტს» ალადაშვილმა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სისხლიანი გარჩევა რუსეთში - დაღუპულია ხუთი ჩეჩენი