აფხაზური „ჯარის“ მოდერნიზება – ნაბიჯი რუსეთის შემადგენლობაში ინკორპორაციისკენ?

ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება, ოკუპირებულ აფხაზეთთან ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას აფხაზური ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზების ხარჯების დაფინანსების თაობაზე. რა მოიაზრება მოდერნიზებაში – ჯერ–ჯერობით ოფიციალურად არ გახმაურებულა. თუმცა აფხაზური ე.წ. შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, რომელიც თავის დროზე ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გაახმოვანა – 2100–დან 3200 ადამიანამდე – მომავალი მოდერნიზების მასშტაბების ვარაუდის საფუძველს გვაძლევს: რუსეთის ბიუჯეტიდან მსხვილ შენატანებზე საუბარი აქ ზედმეტია. მაგრამ რაში შეიძლება, მდგომარეობდეს ამ საკითხში თავად მოსკოვის ინტერესი?! რუსეთში ბევრს აინტერესებს, წარმოადგენს თუ არა პუტინის ეს გადაწყვეტილება ნაბიჯს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში ფორმალური ან არაფორმალური ინკორპორაციისკენ. თუმცა ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის და მსგავსი ნაბიჯებით კრემლი მისთვის მნიშვნელოვანი სულ სხვა საკითხების გადაჭრას ცდილობს.  

ასე, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ანდრეი ოკარა თვლის, რომ პუტინის გადაწყვეტილება სენსაციას არ წარმოადგენს და ლოგიკურად გამომდინარეობს რუსულ–აფხაზური ურთიერთობების მთელი კონტექსტიდან. „როსბალტთან“ ინტერვიუში იგი იხსენებს, რომ "სწორედ კრემლმა გაათამაშა 2008 წელს „ქართული კარტი“, აღიარა სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა და მოსკოვის გარეშე ეს ორი წარმონაქმნი სრულიად სიცოცხლისუუნარო იყო მაშინაც და რჩება დღემდე".

გარდა ამისა, ოკარა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შემდეგ გადადგა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან "ამხანაგური ურთიერთობები და საერთო წარსული" აკავშირებს – ორივე საბჭოთა უშიშროებიდან მოდის, რომელშიც ხაჯიმბა 1985 –1992 წლებში მსახურობდა.

„რუსეთისთვის აფხაზური ჯარის დაფინანსება კავკასიაში საკუთარი პოლიტიკის საკმაოდ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება – უპირველესად, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საპირწონეს შესაქმნელად. ამასვე უნდა მივაკუთვნოთ აფხაზეთში მდებარე წმინდად რუსული სამხედრო ობიექტების, უპირველესად ოჩამჩირეში მდებარე პორტის დაფინანსება, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სანაპირო დაცვის რამდენიმე საყარაულო ხომალდია ბაზირებული. ამასთან, როგორც დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი, აფხაზეთი მკვეთრ კონტრასტშია აჭარასთან, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში ვითარდება და ბოლო წლებში ფაქტობრივად, მსოფლიო დონის კურორტად იქცევა. რუსული პოლიტიკისთვის აფხაზური პრობლემატიკის მნიშვნელობას განაპირობებს ასევე რუსეთის ხელისუფლების დერეფნებში მყოფი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების მუდმივი აქცენტირება. მიუხედავად ყველაფრისა, ამჟამად რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ინტეგრაციაზე საუბარი არააქტუალურია: რუსეთს ეს ახალი პრობლემების უზარმაზარ მასივს შეუქმნიდა – იმის მსგავსს, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის მიერთების შემდეგ შეექმნა, მაგრამ საერთო სიხარულსა და ხელისუფლების რეიტინგის ზრდას, როგორც 2014 წელს მოხდა, ეს ნაბიჯი კრემლს აღარ მოუტანდა. გარდა ამისა, აფხაზეთი ისედაც სრულად კრემლის კონტროლსქვეშაა  და გამჭვირვალეა რუსული პოლიტიკისთვის“, – ამბობს რუსი პოლიტოლოგი.

მისი კოლეგა დიმიტრი ორეშკინი იმავე გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მოსკოვს აფხაზეთში რამდენიმე სხვადსხვა ინტერესი აქვს: 

„ნათელია, რომ აუცილებელია რუსული სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის საქმიანობის სფეროს გაფართოება და ისიც, რომ აფხაზეთს ამ იარაღში ფულის გადახდის უნარი არ შესწევს. შესაბამისად, აფხაზების მაგივრად ამას გადასახადების რუსი გადამხდელები გააკეთებენ. საკითხის კიდევ ერთი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო კრემლში შეშფოთებას იწვევს, რადგან თუ აფხაზური მხრიდან საკმაოდ სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობა არ იქნება გარანტირებული, სრულიად ადვილი წარმოსადგენია თბილისის მცდელობა, თავის შემადგენლობაში ეს ტერიტორია ძალისმიერი გზით დაიბრუნოს. ამ შესაძლებლობას ბლოკირებისთვის ორი გზა არსებობს: ან მუდმივად ვიყოლიოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები, ან, რაც უფრო რაციონალურია, ადგილობრივი ჯარები რუსი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობის ქვეშ ვამყოფოთ, რათა ნატო–სკენ მიმავალ საქართველოს მსგავსი ცდუნება არ გაუჩნდეს“.   

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შესაძლებლობას, ორეშკინს ეჭვი ეპარება, პუტინმა და ზოგადად რუსეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ეს ნაბიჯი გადადგან:

„ვფიქრობ, კრემლი უფრო იმაშია დაინტერესებული, რომ ისინი საქართველოს საპირწონედ გამოიყენოს. ზუსტად ასევე არ აპირებს პუტინი რუსეთის შემადგენლობაში დონბასის არაღიარებული რესპუბლიკების ინკორპორირებას. ისიც საკმარისია, რომ არსებობს მსგავსი პროქსი–საფენი. ზუსტად ასევე უკვე მრავალი წელია, არსებობს, მაგალითად, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც თურქეთის გარდა არავინ აღიარებს: მიუხედავად ამისა, იგი მაინც არსებობს და მის შეიარაღებულ ძალებს ანკარა უზრუნველყოფს. ასე, რომ პუტინის მიერ აფხაზურ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება რუტინულია და აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში ინკორპორაციისკენ სვლაზე საუბარი ნაადრევია – ეს პოლიტიკის თვალსაზრისით არარაციონალური იქნებოდა: მაშინ მოგვიწევდა პასუხისმგებლობის აღება აფხაზეთის მოსახლეობაზეც, მასში კი უამრავი პენსიონერია, ასევე საკმაოდ სერიოზული თანხების ინვესტირება მის დანგრეულ ეკონომიკაში. ვფიქრობ, აფხაზეთი  და სამხრეთ ოსეთი ამჟამინდელ პროქსი–სტატუსში დარჩებიან, მაგრამ ამ სტატუსის შესანარჩუნებლად მუდმივად მოგვიწევს მათში გარკვეული ძალოვანი რესურსების ჩადება“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"