თავდაცვის მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე 2015-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, 2010 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ფინანსურ მენეჯერად; 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, სამი წლის განმავლობაში „კორ სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველად და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის განყოფილების მმართველად; 2004-2005 წლებში კი, „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო. სხვადასხვა დროს ასევე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი, შპს „ლუქსის“ ფინანსური მენეჯერი, 1998 -1999 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი. ჯუანშერ ბურჭულაძეს განათლება საქართველოს ჰუმანიტარულ – ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო – საფინანსო ფაკულტეტზე აქვს მიღებული (1998). ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.

თავდაცვის ახალ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი მოადგილე ჰყავს, მათგან სამი – ჯუანშერ ბურჭულაძე, რატი ბრეგაძე და დავით სუჯაშვილი თანამდებობებზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაინიშნენ, მინისტრის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს ლელა ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წელს დაინიშნა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სისხლიანი გარჩევა რუსეთში - დაღუპულია ხუთი ჩეჩენი